ავტორი: სულხან სალაძე
1858 წლის მიწურულს, ჟურნალი „ცისკარი“ წერდა: “დეკემბერს პირველითგან, ამა წლისა, ქალაქ ტფილისში იმყოფება ფრანციის უწარჩინებულესი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელნიცა იყო ამ ახლო ხანში ჩუენის ცისკრის ტიპოგრაფიაში, სადაცა გასინჯა ყოველი კუთვნილება რედაქციისა. მთელს ხმელეთზედ გამოჩენილი მწერალი ესე მოგზაურობს. ვისაც წაუკითხავს “გრაფი მონტე ქრისტო”, ის უეჭველია კარგათ იცნობს ამ მწერალს და ვისაც არ წაუკითხავს, ვეცდებით მომავალს წელს წავაკითხოთ, რადგანაც კიდევა გვაქვს რედაქციაში გადმოთარგმნილი“.
ალექსანდრე დიუმას კავკასიაში მოგზაურობის და ჟურნალ „ცისკარში“ ამ ცნობის გამოქვეყნებიდან, 160 წელზე მეტი გავიდა. მიუხედავად ამისა, მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი არ განელებულა. „სამი მუშკეტერი“, „დედოფალი მარგო“, „გრაფი მონტე-კრისტო“ და სხვა არაერთი ნაწარმოების ხსენებაზე, ყველას უმალ დიუმა ახსენდება, თუმცა, ჩვენთვის არანაკლებ საინტერესო მისი „კავკასიაა“, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოს უკავშირდება და მისი ფათერაკებით სავსე მოგზაურობის ზღაპრული აღწერაა, მრავალფეროვან საქართველოში. თქვენის ნებართვით, ამჯერად, მოგზაურობის მხოლოდ იმ ნაწილზე მოგითხრობთ, რომელიც ალექსანდრე დიუმას თვალით დანახულ თბილისს ეხება.
თბილისის სიჭრელე და მრავალფეროვნება, ფრანგის მწერლის ჩანაწერებში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიმჩნევა. როგორც თავად წერს, თბილისში მოსული, საფრანგეთის კონსულის, ბარონ ანტუან ფინოს დავალებით, თეატრის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი), მდიდარი ქართველის – ივანე ზუბალაშვილის საუცხოო სახლში დააბინავეს. თუმცა, სახლი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც თბილისის ოპერის თეატრში იხილა. შენობა, პომპეუსის თეატრს აგონებდა, დარბაზი კი ფერიების სასახლეს. სწორედ მაშინ თქვა დიუმამ, რომ თბილისის თეატრის დარბაზის დარი, არსად არაფერი ენახა.
ალექსანდრე დიუმას ჩანაწერებში განსაკუთრებულ ადგილს ქარვასლა და ბაზარი იკავებს. როგორც ფრანგი მწერალი ამბობს, თბილისელი სომეხის – გაბრიელ თამამშევის მიერ აშენებულ ქარვასლაში, რომელიც თეატრსაც იტევდა და ქარვასლასაც, ვის არ შეხვდებოდით ქართველების გვერდით – თურქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები… ყველას საკუთარი სამოსი და განსაკუთრებული სახე ჰქონდა. ქარვასლას მიმდებარედ, იქვე ახლოს ძველი თბილისის ნაწილში კი სავაჭრო ქუჩების მთელი წყება იყო. თითოეულ ქუჩაზე ვაჭრობის განსაკუთრებული ხიბლის და წესის დაცვით.
როგორც წესი, საფრანგეთის კონსულს – ბარონ ანტუან ფინოს, თბილისში ბევრი საქმე ჰქონდა. საფრანგეთის სახელმწიფოს ინტერსების წარმოდგენასთან ერთად, ყურადღებას არც თბილისში მცხოვრებ ფრანგებს აკლებდა (იმ დროს დაახლოებით 160 კაციანი ფრანგული კოლონია სახლობდა თბილისში), თუმცა თბილისში ალექსანდრე დიუმას სტუმრობა დიდი ამბავი იყო. შესაბამისად, საჭირო იყო კიდევ რაღაც სხვა, რაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენდა მწერალზე. ჰოდა, და სად წაიყვანდა ბარონი ფინო დიუმას, თუ არა თბილისურ აბანოში?
ევროპული კულტურის, თბილისის ოპერის თეატრის სიმშვენიერე დიუმას, აღმოსავლურმა თბილისურმა აბანოებმა დაავიწყა. სიამოვნება იმდენად დიდი იყო, რომ როგორც თავად წერს, იმ წუთში გაშლილი ხელებით მთელს კავკასიას აწევდა. თბილისურ აბანოებზე საუბრისას არც ის ავიწყდება, რომ ტკბილი გრძნობების ქალაქ პარიზში, მისდა სამწუხაროდ არცერთი სპარსული აბანო არ იყო. ალბათ ამიტომაც, თვეზე მეტი რაც თბილისში დაჰყო, ყოველ მეორე დღეს თბილისურ აბანოებს სტუმრობდა.
ის რომ თბილისი ნაირფერი და განსხვავებული ქალაქი იყო, დიუმას კიდევ არაერთი ჩანაწერით დასტურდება. ოპერის თეატრის და თბილისური აბანოების გვერდით, არანაკლებ საინტერესო ამბებს ჰყვება ქალაქის შესახებ. იქვე ისიც კარგად ჩანს, რომ მშვენივრად იცნობს XVIII საუკუნის მეორე ნახევრის და XIX საუკუნის დასაწყისის მოგზაურების ჩანაწერებს თბილისის შესახებ. განსაკუთრებით კი, გერმანელი ორიენტალისტის – იულიუს ფონ კლაპროთის და ფრანგი მოგზაურის და ვაჭრის, 1820-1824 წლებში თბილისში საფრანგეთის კონსულის – ჟაკ ფრანსუა გამბას წერილებს.
თბილისში შემოსვლამდე, ალექსანდრე დიუმას ქალაქი, მის მიერ უკვე ნანახ, ბაქოს და ნუხის მსგავს დასახლებად წარმოედგინა. თუმცა, როგორც მოკრძალებით აღნიშნავს, შეცდა. მოგვიანებით მწერალს არც მდინარე მტკვრის და არც ქალაქის გარე უბნების – ისნის, რიყის და გერმანული კოლონიის მნიშვნელობა გამორჩენია. ფრანგული კოლონიის წყალობით კი, რომელიც უმთავრესად პარიზელი მკერავებისა და ,,მოდისტკებისგან“ შედგებოდა, თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს ისევე შეეძლოთ ოპერაში ევლოთ, როგორც ეს ევროპაში იყო მიღებული.
თბილისზე საუბრის დროს, დიუმას არც პლასტიკური კორსეტების ირგვლივ ატეხილი მითქმა-მოთქმა ავიწყდება. მიზეზი, მხატვარი გრიგორი გაგარინის მეუღლე გამხდარა, ვისაც პარიზიდან პლასტიკური კორსეტი ჩამოეტანა. მერე ეს ამბავი მთელს ქალაქში გავრცელებულა და ყველას მის სილამაზეზე დაუწყია ლაპარაკი. ბოლოს, გაგარინის მეუღლეს წერილი მიუწერია მადამ ბონვალესთვის, რომ ბლომად პლასტიკური კორსეტი გამოეგზავნა თბილისში.
1859 წლის 11 იანვარს, ნაშუადღევს 2 საათზე მწერალმა თბილისი დატოვა. მოგვიანებით კი, ალექსანდრე დიუმას „კავაკასიამ“, რომლის დიდი ნაწილიც თბილისს ეხებოდა, მკითხველს თავიდან აღმოაჩენინა მრავალფეროვანი ქალაქი, მთელი თავისი აღმოსავლური ბაზრების, ქარვასლების, აბანოების, დასავლური თეატრისა და „მოდისტკების“ ჩათვლით.