ახალი ამბები

NGO-ები ონის კასკადებზე გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

12 ივნისი, 2020 • 1421
NGO-ები ონის კასკადებზე გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

“საია” და “მწვანე ალტერნატივა” მოითხოვენ, გაუქმდეს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის ძალითაც “ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის” პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესაბამისი სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

გასაჩივრებული ბრძანება მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის 17 მარტს გასცა. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ჰესის მშენებელმა კომპანიამ, სააქციო საზოგადოება “ონის კასკადმა”, არ უზრუნველყო ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებისათვის არსებული რისკების შესამოწმებლად კანონით სავალდებულო კვლევების ჩატარება.

“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, დაავალა მშენებარე კომპანიას,  პოსტ ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე”, – აღნიშნავენ “საია” და “მწვანე ალტერნატივა”.

მათივე აზრით, გასაჩივრებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასევე უხეშად უგულებელყვეს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, რომლებიც საზოგადოების ინფორმირებასა და პროცესში მონაწილეობას უზრუნველყოფს.

საია და მწვანე ალტერნატივა სასამართლოში  ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ.

მას შემდეგ, რაც ონში ჰესების კასაკდის მშენებლობაზე ნებართის გაცემის პროცესი დაიწყო, გარემოს დამცველები მოსალოდნელ გამოუსწორებელ ზიანზე მიუთითებენ. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება ჰესების მოწინააღმეგეების კრიტიკას “მოღალატეობრივს” უწოდებს და ირწმუნება, რომ ჰესს რაჭისთვის სარგებელი უფრო მეტი ექნება, ვიდრე ზიანი.

ზიანი თუ სარგებელი? – რას მოუტანს რაჭას ონში ჰესების აშენება

მასალების გადაბეჭდვის წესი