ახალი ამბები

პარლამენტმა შრომის რეფორმა უნდა დააჩქაროს – EMC და საია

11 ივნისი, 2020 • 2585
პარლამენტმა შრომის რეფორმა უნდა დააჩქაროს – EMC და საია

შრომის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, EMC და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) პარლამენტს მოუწოდებენ, სამუშაო ადგილებზე მშრომელთა დაღუპვის ფონზე, დააჩქაროს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვა.

ივნისის დასაწყისში, ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში სამუშაო ადგილზე, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა — მარნეულში, თბილისსა და ბათუმში;

2011 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ანუ 9 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 435 ადამიანი დაიღუპა და 1280 დაშავდა.

ორგანიზაციები 11 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში უცვლელად მძიმეა დასაქმებულთა მდგომარეობა:

„მასობრივად ირღვევა მშრომელთა უფლებები; ღირსების შემლახავი და სახიფათო სამუშაო გარემო ბევრი დასაქმებულის ყოველდღიურობაა; სამუშაო ადგილზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიებს ვერ ქმნის ინსტიტუციურად სუსტი შრომის ინსპექტირების მექანიზმი; არარეგულირებული სამუშაო დრო, არაანაზღაურებადი ზეგანაკვეთური შრომა, დასვენებისა და შესვენების გარეშე მუშაობა, სისტემატური პრაქტიკაა“.

ამასთან, „დასაქმებულთა დაუცველობის მასშტაბს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი, რის გამოც, რიგი დამსაქმებლების გადაწყვეტილებით, უამრავი ადამიანი დარჩა ანაზღაურებისა თუ სამუშაოს გარეშე“.

„შრომითი ურთიერთობების არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულთა უფლებების სრულყოფილ დაცვას, ასევე, რეგულირების მიღმა ტოვებს თვითდასაქმებულთა და არაფორმალურად დასაქმებულთა უზარმაზარ სექტორს. სახელმწიფოს არც შრომის კანონმდებლობის აღსრულების ეფექტური მექანიზმები გააჩნია“.

ორგანიზაციების შეფასებით, მიუხედავად ცალკეული ხარვეზებისა, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები აღნიშნულ გამოწვევებს დიდწილად პასუხობს. საუბარია კანონპროექტზე, რომლის ინიციატორი და ავტორიც არის „ქართული ოცნების“ ყოფილი პარლამენტარი, ახლა დამოუკიდებელი პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილი.

EMC-სა და საიას შეფასებით, საკანონმდებლო პაკეტს გააჩნია პოტენციალი, „შექმნას აღწერილ პრობლემათა დიდი ნაწილის მოგვარების საფუძველი“.

კერძოდ, „კანონპროექტებით გათვალისწინებულია სამუშაო დროის, ზეგანაკვეთური სამუშაოს, სტაჟირების, არასრული განაკვეთის, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისგან დაცვის რეგულირება და მშრომელების დაცვისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი დებულებები“.

ამასთან, „იზრდება შრომის ინსპექციის მანდატი და მოიცავს შრომითი უფლებების სრულყოფილი მონიტორინგის შესაძლებლობებსა და დარღვევებზე სანქცირების უფლებას, რაც შრომითი კანონმდებლობის აღსრულებისა და სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და დაზიანების პრევენციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“.

შესაბამისად, არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, „კანონპროექტების ღირებული დებულებების მიღებით მაქსიმალურად დააახლოოს შრომის კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან და შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაზრდისა და ინსპექციისთვის სათანადო რესურსების მობილიზების გზით ხელი შეუწყოს აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას“.

გირჩევთ ასევე:

კომიტეტმა შრომის კოდექსში ცვლილებებზე ერთი კანონპროექტი ჩააგდო – რა ელის მეორეს?

ბოლო ერთ კვირაში სამუშაო ადგილებზე 3 ადამიანი დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი