ახალი ამბები

სომხეთს სასუნთქი აპარატებით, ტესტირებითა და ექიმებით დახმარება შევთავაზეთ – ტიკარაძე

11 ივნისი, 2020 • 1129
სომხეთს სასუნთქი აპარატებით, ტესტირებითა და ექიმებით დახმარება შევთავაზეთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანს სატელეფონო საუბრისას კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა.

სამინისტროს ცნობით, ტოროსიანმა ქართულ მხარეს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის, სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი მკურნალობს ბინაზე, რამდენი გადის სტაციონალურ მკურნალობას, ასევე ინფორმაცია მძიმე პაციენტების შესახებ.

ტიკარაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ სომხეთს სხვადასხვა სახის დახმარება, მათ შორის, სასუნთქი აპარატების გადაცემა შესთავაზა. როგორც მინისტრი ამბობს, საქართველოს ასევე სურს სომხეთს პაციენტებისთვის ტესტირების ჩატარებითაც დაეხმაროს, ამისთვის საზღვარზე შესაძლოა ისეთი ლოჯისტიკა მოეწყოს, სადაც ნიმუშებს კორონავირუსზე იქვე შეამოწმებენ.

“ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო სასუნთქი აპარატებით დახმარება. ასევე, პერსონალის გაგზავნა სომხეთში, რა თქმა უნდა, ვინც გამოთქვამს სურვილს ამის შესახებ. ასევე შევთავაზეთ, რომ ჩვენი ტესტების მოცულობიდან გამომდინარე შეგვიძლია საზღვარზე ავაწყოთ ისეთი ლოჯისტიკა, რომ მათ ჰქონდეთ ნაცხების გადმოცემის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ თავიანთი ლაბოლატორიული სიმძლავრე არ ყოფნით, ჩვენ დავახმართ ჩვენს ლაბოლატორიულ სიმძლავრეს. მინისტრს მოეწონა ეს იდეა, თუმცა ჯერჯერობით შევთანხმდით იმაზე, რომ შედგება ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის კომუნიკაცია და მას შემდეგ გადაწყდება დამატებითი დეტალები“, – ამბობს ტიკარაძე.


  • 11 ივნისის მონაცემებით, სომხეთში, ჯამში, გამოვლინდა კორონავირუსის 14 669 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5466 ადამიანი, ხოლო 245 გარდაიცვალა. 11 ივნისის მონაცემებითვე, ქვეყანაში ინფიცირების 566 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 240 პირი კი გამოჯანმრთელდა.
  • გარდა ამისა, 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა სომხეთის სათვისტომომ სომხეთში 27 სავენტილაციო აპარატი გაგზავნა.
  • აგრეთვე, 6 ივნისს ფაშინანმა აღნიშნა, რომ სომხეთში რეანიმაციაში ადგილების არქონის გამო ორი ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი