ახალი ამბები

ნაღვარევში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ უკანონო მშენებლობა შეჩერდა – სააგენტო

11 ივნისი, 2020 • 1120
ნაღვარევში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ უკანონო მშენებლობა შეჩერდა – სააგენტო

დუშეთის სოფელ ნაღვარევში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ მშენებლობა შეჩერდა. როგორც “ნეტგაზეთს” კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განუცხადეს, მშენებლობა უკანონო იყო და არც სააგენტოში და არც ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებში აღნიშნულ ობიექტზე ნებართვის მისაღებად დოკუმენტაცია განსახილველად არ შესულა.

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ ტერიტორია ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაშია, რაც როგორც სააგენტოსთან, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან პროექტის შეთანხმების საჭიროებას განაპირობებდა:

“ყველა სახელმწიფო უწყება, რომელიც ამ თემასთან მეტ-ნაკლებად კავშირშია, ეს გახლავთ კულტრული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, გუბერნატორის ადმინისტრაცია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და თვითმმართველობა, საგზაო დეპარტამენტი, ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს იყო აბსოლუტურად უნებართვო სამუშაოები. არანაირი საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი განსახილველად და სანებართვოდ” ,- აცხადებენ სააგენტოში.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა არ გაგრძელდება და ამ პოზიციის შეცვლას არ გეგმავენ. რაც შეეხება უკვე აგებულ რკინა-ბეტონის კონსტრუქციას, უწყებაში ამბობენ, რომ მისი დმეონტაჟი ძეგლის შესაძლო დაზიანების საფრთხის გამო ვერ მოხდება და მიწის ფენით კონსერვაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი ლანდშაფტის პირვანდელი სახით აღსადგენად:

სააგენტოში აცხადებენ, რომ მშენებლობისთვის უნდა გამოიძებნოს ალტერნატიული ტერიტორია, რომელიც ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში არ იქნება და პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ სამსახურთან უნდა შეთანხმდეს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოქალაქეები მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქციის გამართვასაც აპირებდნენ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კი აცხადებდა, რომ მშენებლობის ნებართვა მათ არ გაუციათ. აღნიშნულ საკითხზე რეაგირების შესახებ შესაბამის უწყებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი