ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო სიტუაციათა დირექტორი მაიკლ რაიანი აცხადებს, რომ რუსეთში სხვა ქვეყნებთან შედარებით კორონავირუსისგან დაბალი სიკვდილიანობა „უჩვეულოა“, წერს „მედუზა“.
„რა თქმა უნდა, ეს უჩვეულოა, რომ გარდაცვალებების რაოდენობა დაავადებულებთან შედარებით ძალიან დაბალია. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გარდაცვალების დათვლასთან დაკავშირებით მიდგომა გააანალიზოს და დარწმუნდეს, რომ მას კორექტულად აწარმოებს“, — აღნიშნა რაიანმა.
მისი თქმით, რუსეთში მოსახლეობის საშუალო ასაკი და ჯანდაცვის სისტემა დიდად არ განსხვავდება ევროპული ქვეყნებისგან, სადაც კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო მაღალია.
მისი ცნობით, სხვადასხვა ქვეყანა სტატისტიკას განსხვავებულად აწარმოებს.
აგრეთვე, რაიანმა აღნიშნა, რომ დაბალი სიკვდილიანობა, ბევრი ინფიცირებულის მიუხედავად, მასშტაბური ტესტირებით შეიძლება იყოს გამოწვეული (ოფიციალური ცნობებით, რუსეთში 13.5 მილიონზე მეტი ტესტი ჩატარდა).
- აქამდე, სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებამ — კერძოდ Financial Times-მა და The New York Times-მა დაწერეს, რომ რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალებულთა სტატისტიკით ხელისუფლება განგებ მანიპულირებდა რაოდენობის შესამცირებლად. დეტალურად მათ სტატიებისა და რუსეთის სტატისტიკის შესახებ იხილეთ „ნეტგაზეთის“ მასალა: „რუსეთში COVID 19-ით დაბალი სიკვდილიანობის სტატისტიკის საიდუმლო ამოხსნილია“ — მედია
გარეკანის ფოტო: EPA