ახალი ამბებისაზოგადოება

„რუსეთში COVID 19-ით დაბალი სიკვდილიანობის სტატისტიკის საიდუმლო ამოხსნილია“ — მედია

14 მაისი, 2020 •
„რუსეთში COVID 19-ით დაბალი სიკვდილიანობის სტატისტიკის საიდუმლო ამოხსნილია“ —  მედია

ჯერ კიდევ მარტში საერთაშორისო მედია წერდა, რომ რუსეთის ხელისუფლება, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულების რეალურ რაოდენობას მალავს.

იმ მომენტისთვის, ანუ, 19 მარტისთვის, რუსეთში, სადაც თითქმის 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის მხოლოდ 199 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, თუმცა  „როიტერსი“ წერდა, რომ იანვარში ქვეყანაში მოხდა პნევმონიის (COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება გართულების დროს) შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, ხოლო ოფიციალური უწყებები ერთმანეთის მიერ გაკეთებული განცხადებების ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებდნენ.

მოსკოვში, რუსეთის ყველაზე დიდ ქალაქში, დაფიქსირდა პნევმონიის შეთხვევების მნიშვნელოვანი მატება — „როსსტატის“ (რუსეთის სტატისტიკური სამსახური) მაშინდელი ცნობით, წინა წლის იანვართან შედარებით შემთხვევების რაოდენობა 37 პროცენტით გაიზარდა (5058 შემთხვევა წინა წლის იანვარში, 6921 — ახლა).

Financial Times-ის და New York Times-ის სტატიები

11 მაისს ამერიკულმა გამოცემამ, The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „კორონავირუსის საიდუმლო ახსნილია: მოსკოვში კიდევ 1700 ადამიანი გარდაიცვალა“. როგორც ავტორი წერს, „როდესაც კორონავირუსის გავრცელებამ გლობალური მასშტაბი მიიღო, მკვლევრებს საგონებელში აგდებდა რუსეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი — ერთ მილიონ მოსახლეზე 13, რაც ბევრად უფრო დაბალია მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე, 36-ზე, განსაკუთრებით ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვას არასაკმარისი დაფინანსება აქვს“.

„მოსკოვის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ დედაქალაქში აპრილში დარეგისტრირებული გარდაცვალებების რაოდენობა იმავე პერიოდის ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს 1700-ით აღემატება, რაც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე კორონავირუსისგან ოფიციალურად გარდაცვლილთა რაოდენობა — 642. ეს კი მიანიშნებს ხელისუფლების მიერ მონაცემების დამახინჯებაზე“, — წერს The New York Times.

იმავე დღეს მსგავსი შინაარსის მასალა გამოქვეყნდა Financial Times-შიც — „რუსეთის COVID-გარდაცვალებათა რაოდენობა შესაძლოა ოფიციალურ სტატისტიკას 70 პროცენტით აღემატებოდეს“.

რუსეთის პასუხი

გამოცემების მასალებს მალევე გამოეხმაურნენ რუსეთშიც. მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ გარდაცვალებების შემთხვევების სტატისტიკაში არშეყვანას ადგილი არ ჰქონია.

უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა გარდაცვლილს, ვისზეც კორონავირუსით დაავადების ეჭვი არსებობს, გაკვეთა უტარდებათ და მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება, რისგან გარდაიცვალა ადამიანი.

თუმცა დეპარტამენტში აგრეთვე განაცხადეს, რომ იყვნენ კორონავირუსით დაავადებული ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილთა სტატისტიკაში არ გაითვალისწინეს. უწყება აღნიშნავს, რომ მათი გარდაცვალების „აშკარა ალტერნატიული მიზეზი“ გახდა — ინსულტი, მიოკარდის ინფარქტი და ა.შ. დეპარტამენტის ცნობით, ასეთი პაციენტების რაოდენობა 60%-ზე მეტია.

გეორგ ფრანკმა, რუსმა კორორენმა წინა კვირას რადიო „ეხო მოსკვისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რიგ შემთხვევებში, COVID -19 შეიძლება არ იყოს გარდაცვალების მთავარი მიზეზი — შესაძლოა, იყოს მეორე პლანზე, მთავარ დაავადებასთან შედარებით.

„რა თქმა უნდა, შესაძლოა სხვადასხვაგვარი მანიპულაციები, მაგრამ ღირსეული ექიმები ამის საშუალებას არ იძლევიან“.

რუსი დემოგრაფი, ალექსეი რაკშა NYT-თან აღნიშნავს, რომ „გარდაცვალებათა უმრავლესობის შემთხვევაში, ლეტალური შედეგის მიზეზად დარეგისტრირებული იქნება იმ ორგანოს დაავადება, რომელმაც გარდაცვალება გამოწვია. სისტემა დიდი ხანია ასე მუშაობდა“, — აღნიშნავს იგი და ამატებს, რომ მისი აზრით, დიდი ალბათობაა, რომ ხელისუფლება რაღაც დონით მანიპულირებს ამ სისტემით, რათა სასურველი შედეგი მიიღოს.

მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის გარდა, სტატიებს გამოეხმაურნენ სახელმწიფო დუმასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო უწყებამ თავის განცხადებაში სტატიებს „ანტირუსული სპეკულაციები“ უწოდა, დუმის რუსეთის საქმეებში ჩარევის კომიტეტმა კი მოითხოვა, ორივე გამოცემის ჟურნალისტებს რუსეთში აკრედიტაცია შეუჩერონ.

მოსკოვს New York Times-ში უკვე უპასუხეს — „ინტერფაქსთან“ საუბარში NYT-ის კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი, დენიელ როუდსი აცხადებს, რომ გამოცემა თავისი მასალის სისწორეში დარწმუნებულია.

მოგვიანებით, დუმის მოთხოვნას აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა და განაცხადა, რომ „შემდგომი ნაბიჯები FT-სთან და NYT-სთან დაკავშირებით დამოკიდებულია იმაზე, გამოაქვეყნებენ თუ არა ისინი [სტატიების] უარყოფას“.

როგორც მან განაცხადა, რუსეთმა უკვე მიმართა გამოცემებს სტატიების უარყოფის მოთხოვნით.

როგორ აწარმოებენ სტატისტიკას სხვა ქვეყნებში

რუსეთის მიერ ლეტალური შემთხვევისას გარდაცვალების მიზეზად COVID 19-ის ჩათვლის პროცედურა სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება. როგორც მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტში უკვე განაცხადეს, ისინი ატარებენ გვამების გაკვეთას და თუ გარდაცვალების აშკარა მიზეზი კორონავირუსი არაა, სტატისტიკაში არც შეჰყავთ.

განსხვავებული ვითარებაა, მაგალითად, საქართველოში. დღეს, 14 მაისს საქართველოში — მე-12 გარდაცვლილი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ორგანიზმში 29 აპრილის შემდეგ აღარ ჰქონდა, კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვში შეიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძილაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, გარდაცვალებისას მას კორონავირუსი არ უდასტურდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი თანმხლები დაავადებების გართულება სწორედ კორონავირუსმა გამოიწვია, ის კოვიდ-19-ით გარდაცვლილად ითვლება.

რუსეთის სტატისტიკის წარმოების მეთოდი ასევე არ მოდის თანხვედრაში ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ გაიდლაინთან, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალებისას, მიუხედავად თანხლები დაავადებებისა, მისი სტატისტიკაში შეყვანა მაინც უნდა მოხდეს.

რუსეთის მიერ სიკვდილიანობის დათვლის მეთოდზე თავის Facebook-ზე წერს „ნეოლაბის“ კლინიკური განყოფილების გამგე, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:

„რუსეთში გარდაცვლილთა დაახლოებით 70%-ის აუტოფსია („გაკვეთა“) ტარდება, მაშინ როდესაც, მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საშუალოდ, მხოლოდ 10%-ის. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინის მიხედვით, კოვიდით გარდაცვლილად რეგისტრირდება მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც აუტოფსიით დგინდება ამ დაავადების შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები (მაგალითად, ფილტვის დაზიანება), ხოლო ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ-ში თითქმის ყველა სიკვდილის შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილს ჰქონდა დადასტურებული კორონავირუსი, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდ ასოცირებული სიკვდილი“, — აღნიშნავს იგი და ჩელიაბინსკის მონაცემებზე დაყრდნობით დასძენს, რომ თუ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება სტატისტიკური აღრიცხვის ამ მეთოდის შეცვლის შესახებ, მკვეთრად მოიმატებს კოვიდ სიკვდილობის მაჩვენებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი