ახალი ამბები

4 დაავადებულის პირველწყარო დადგენილი არ არის — ეზუგბაია

11 ივნისი, 2020 • 780
4 დაავადებულის პირველწყარო დადგენილი არ არის — ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით დაავადებული 6 პაციენტიდან 4-ის დაავადების პირველწყარო ჯერჯერობით არაა დადგენილი, თუმცა, მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

„1 არის საკარანტინო სივრციდან, იმპორტირებული შემთხვევა, 1 არის სამედიცინო პერსონალი და 4 არის პაციენტი, რომლის წყაროს დადგენა გრძელდება, პირველწყარო, როგორც ასეთი, ამ ოთხ შემთხვევასთან არ არის დადგენილი. მიდის მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ვნახოთ, რამდენიმე დღეში, უნდა მოიძიოს ამათი წყარო ინფიცირების“, — აღნიშნა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ ასევე ისაუბრა ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტზე. როგორც იგი აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგანაც აქვს ოთხი რისკფაქტორი — მაღალი ასაკი, ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონული დაავადება.

როგორც ეზუგბაია ამბობს, ამ ეტაპზე ამ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და  ჟანგბადდამოკიდებულია.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 11 ივნისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე აღნიშნა, რომ „უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი და რომლის წყაროსაც ჯერჯერობით ვერ ვადგენთ, 3 გახლავთ თბილისში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი