ახალი ამბები

თბილისში ფიჭვები მასობრივად ხმება – რა არის გამოსავალი?

11 ივნისი, 2020 • 3234
თბილისში ფიჭვები მასობრივად ხმება – რა არის გამოსავალი?

თბილისის ქუჩებსა თუ სკვერებში უკვე წლებია, რაც ფიჭვები ხმება, მათი რაოდენობა და მასშტაბი კი თითქმის ყოველდღიურად იზრდება.

ფიჭვებს, თავის მხრივ, დაავადება კლავს, რომელსაც პარაზიტი ავრცელებს. მას  მარტივად “დიდ და პატარა მებაღეს” უწოდებენ, რომელიც ქერქში მოხვედის შემდეგ მცენარეს ნელ-ნელა ანადგურებს.

გამხმარი ფიჭვი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ ერთადერთი გამოსავალი ხეების სანიტარული ჭრაა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების თქმით, მერიის მოქმედება უკვე დაგვიანებულია, ხეების გადარჩენა კი თავიდანვე სწორად დაგეგმილი აქტივობებით შესაძლებელი იყო.

რა ხდება?

წლებია, რაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ქალაქში ფიჭვების მასობრივი ხმობის შესახებ საუბრობენ. ქალაქში გამხმარი ფიჭვების ვერდანახვა მართლაც რთულია. პარაზიტი, რომელსაც დაავადება გადააქვს და რომელიც ხეებს კლავს, თითქმის ყველა უბანს მოედო.

ერთ-ერთი ასეთი აქტივისტი, მარიამ ბაქრაძეა. ის ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ მერიის უმოქმედობის გამო ეს ვერ მოხდა.

ბაქრაძის თქმით, დაახლოებით 10 წლის წინ საქართველოში გერმანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც საბოლოოდ შეიმუშავეს ფიჭვების დახმარებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების ნუსხა და რეკომენდაციები, თუმცა, არცერთი არ შესრულდა, შესაბამისად, დღეს თბილისში ასობით გამხმარი, ჟანგისფერი ფიჭვი დგას.

გამხმარი ფიჭვები რკინიგზასთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

აქტივისტი მიიჩნევს, რომ მერიის მიდგომა ფიჭვების პრობლემის მიმართ ხარვეზიანია.

„პრობლემა ის არის, რომ მოჭრილი ხეები მერიას ხშირად ეგრევე არ გააქვს. ეს ნიშნავს, პარაზიტი მაინც ვრცელდება იმიტომ, რომ ძირს ყრია დაავადებული ხეები. მე რამდენადაც მახსოვს, რეკომენდაციაში ასევე ეწერა, რომ უნდა დაწყებულიყო სანიტარული ჭრა და თან შეწამვლა, დაავადება კი ნელ-ნელა უკან დაიხევდა…“, – გვიყვება ის.

ამასთანავე, მარიამ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ფიჭვების ან/და სხვა ხეებთან დაკავშირებით რაიმე სახის გეგმის შემუშავების დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია გლობალური დათბობის პრობლემაც.

„ფიჭვების შემთხვევაში გლობალურ დათბობას დიდი როლი უკავეია.. საქმე ის არის, რომ ზამთარში საკმარისი ყინვა აღარ არის, ეს კი თავის მხრივ აუცილებელია იმისთვის, რომ პარაზიტები და დაავადებები „გაიყინოს“, გაზაფხულზე კი ხემ თავიდან დაიწყოს თვითგანახლება.

მნიშვნელოვანია, რომ ფიჭვების გადასარჩენად უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს, თუნდაც, მოხალისეობრივად, მერიამ კი მეტი ტექნიკა შეიძინოს, რომლის დახმარებითაც ის სანიტარულ ჭრას უფრო ეფექტიანად განახორციელებს“, – განმარტავს მარიამ ბაქრაძე.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ის ევროპის მაგალითზე გვიყვება, რომ საუკეთესო გზა საქართველოსთვის ენდემური ანუ ადგილობრივი ჯიშების დარგვაა.

„რაც ირგვება დღეს ჩვენთან, არის უმეტესად შემოტანილი ნერგები, ხშირად, იტალიიდან. აქაურ სანერგებს არ ეძლევათ საშუალება, რომ გამოიყვანონ აქაური ჯიშები, ისეთები, რომლებიც გარემოს მოერგება. ბევრად უფრო ძვირი გვიჯდება იტალიიდან ნერგების შემოტანა და თან, არც ვართ დაზღვეული, რომ იმას იქ თავისი დაავადება არ მოჰყვება,“.

გამხმარი ფიჭვები ვაკის ფერდობზე. ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“.

„ზოგადად, ჟანგბადის გამოყოფის თვალსაზრისით, ფოთლოვანი ხეები სჯობს წიწვოვანს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ ხეებს არ  უნდა მოვუაროთ. ის ხეებიც თავის მხრივ ეხმარებიან ჰაერს და ამასთანავე, ქმნიან ქალაქის სახეს.

მართალია, ის, რაც დღეს ჩვენს ფიჭვებს სჭირს, სხვა ქვეყნებისთვისაც ნაცნობი პრობლემაა – ევროპაში ამ ამბავს გლობალურად უყურებენ: რგავენ უფრო მეტ ენდემურ ჯიშს და, შეიძლება ითქვას, ქალაქებში ხელოვნურად ქმნიან უფრო მეტად ბუნებირივ გარემოს.

მაგალითად, თბილისისთვის ბუნებრივი და გამძლე ხეები – ნეკერჩხლები არიან, ან ჭადრები. ასევე აკაკის ხეები და ნეკერჩხლის მონათესაო ჯიშები, როგორიცაა, ვთქვათ, ბოყვი “, – ამბობს ნეტგაზეთთან მარიამ ბაქრაძე.

მერიის განმარტება

თბილისში ხეთა ჭრას ან/და მათ დარგვას მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აკონტროლებს. უწყებაში ამბობენ, რომ 2018 წლიდან დღემდე 80 ათაზე მეტი ხე დარგეს, ორჯერ ნაკლები კი – დაახლოებით 40 ათასი მოჭრეს.

ნეტგაზეთს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ეუბნებიან, რომ პარაზიტის ხეში გაჩენის შემდეგ მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელია. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი ხის მოჭრაა.

„ცხადია, შეიძლება კონკრეტულ მცენარეს აღენიშნებოდეს სოკოვანი დაავადებებიც, რომელიც მომაკვდინებელი არ არის მცენარისთვის, თავისი იმუნიტეტით ებრძვის მას და შესაძლოა ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებაც.

თუმცა “დიდ და პატარა მებაღესთან” დაკავშირებით ჩვენ, ფაქტობრივად, უძლურები ვართ და ერთადერთი გამოსავალი რჩება სანიტარული ჭრა, რა დროსაც დაავადებული ხეები იჭრება და ხეებს, რომლებიც დაავადებებს იმუნიტეტით ებრძვიან, გადარჩენის შესაძლებლობა აქვთ“, – ამბობს ნეტგაზეთთან სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი.

ის გვიყვება, რომ ხეები ძირითადად იჭრება თბილისის შემოგარენში, 40 ათასი მოჭრილი ხიდან კი უშუალოდ ქალაქის მასშტაბით  5-6 ათასი ხე მოიჭრა. რაც შეეხება კრიტიკას ხეების დროული არგატანის შესახებ, გიგაშვილი ამბობს:

„ქალაქში და მის შემოგარენში მიმდინარეობს მასშტაბური ჭრები. ჩვენ ყველას ერთდროულად ვერ გავიტანთ. მაშინ მხოლოდ სატვირტთო მანქანებმა უნდა იარონ ქალაქში.

ეს პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად: ერთ ტრაილერზე ეტევა მხოლოდ 2-3 ხე. ჩვენ რომ პროცესი წარვმართოთ ისე, რომ 2 ხე მოვჭრათ და დავტვირთოთ ტრაილერზე და მის გატანას დაველოდოთ, ეს პროცესი გაიწელება სამუდამოდ. შესაბამისად, ჩვენ ერთდროულად ვჭრით, დაახლოებით, 20-30 ხეს, შემდეგ მას „ვაქუცმაცებთ“ და ველოდებით, როდის გაიტანს მას მანქანა. ეს პროცესი უწყვეტია “,- ამბობს ის.

როგორც უწყებაში ამბობენ, მოჭრილი ხეების ნაწილი შეშების სახით გამგეობებს და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ, ნაწილი კი ნადგურდება. იმ ტერიტორიებზე კი, სადაც ხეები მოიჭრა, შესაბამისი პროცედურები იგეგმება – ტყის შემთხვევაში, დამხმარე ღონისძიებები მისი თვითაღდგენისთვის, ქალაქის შემთხვევაში კი, ახალი ნერგების დარგვა.

გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში ინდივიდუალურად წყდება, თუ რომელი ხე უნდა დაირგას.


ფიჭვების პრობლემის შესახებ ნეტგაზეთმა სტატია 2018 წელსაც მოამზადა. ზოგიერთ ადგილას, რომელიც ფოტორეპორტაჟში მოხვდა, მერიამ ხეები გაჩეხა და ფოთლოვანი ნერგები ჩარგო. ასე მოხდა, მაგალითად, აღმაშენებლისა და ყაზბეგის გამზირის შემთხვევებში.

თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე – გამხმარია ათასობით ხე

მასალების გადაბეჭდვის წესი