ახალი ამბები

თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე – გამხმარია ათასობით ხე

25 სექტემბერი, 2018 • 20574
თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე – გამხმარია ათასობით ხე

ბოლო წლებში თბილისსა და მის შემოგარენში ხე-მცენარეების, განსაკუთრებით კი, ფიჭვების დაზიანება და ხმობა ადვილად შესამჩნევი გახდა. ექსპერტების მოსაზრებით, ფიჭვების დაავადება, ხელისუფლების უყურადღებობის პირობებში, სხვა ხეებზეც გადავა, შედეგად კი, ეკოლოგიურ კატასტროფად გადაიქცევა. მერია საპასუხოდ ამბობს, რომ ეკოლოგიური ბალანსის შესანარჩუნებლად ყველა შესაძლო მეთოდს იყენებს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა გარემოსდაცვით სპეციალისტებსა და თბილისის მერიას, რათა გაერკვია, თუ რატომ ხმება ხეები და რისი გაკეთება შეიძლება მათ გადასარჩენად.

რას ამბობენ ექსპერტები

მერიის მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფიჭვების ხმობას როგორც ერთეული, ასევე კერობრივი ხასიათი აქვს, რისი მიზეზიც ფიჭვების არასწორი განაშენიანება და კლიმატურის ცვლილებებია. თუმცა ხეების გახმობაში სწორედ დედაქალაქის მთავრობას ადანაშაულებს “პარტიზანული მებაღეობის” წევრი ნატა ფერაძე.

“ფიჭვების დაავადება დაიწყო დაახლოებით 10-15 წლის წინ, უბრალოდ, “პარტიზანებმა” ეს ტენდენცია რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინეთ. მაშინ თბილისში გერმანიიდან სპეციალურად ამ პრობლემის გამო ჩამოვიდა დარგის სპეციალისტი ვალტერ ბენეკერდორფი, რომელმაც კიკეთში ჩაატარა სანიტარული ამოხშირვა. სწორედ მისგან ვისწავლეთ, რომ ხელოვნურად განაშენებულ ტყეებს სჭირდებათ ადამიანის მუდმივი ჩარევა იმისთვის, რო მან არსებობა გააგრძელოს” ,- უთხრა ნატა ფერაძემ ნეტგაზეთს.

მისივე სიტყვებით, კიკეთში, სადაც სპეციალისტმა ამოხშირვა ჩაატარა, ამჟამად ტყე ჯანსაღია. ბენეკერდორმა კი, თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, პროექტი დაწერა, რომლითაც მერიას უნდა ეხელმძღვანელა გიგი უგულავას მერობის დროს. თუმცა დოკუმენტი თაროზე შემოდეს.

დაავადებული ხეები თბილისში, წერეთლის გამზირი. 25.09.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ეს იყო მოსალოდნელი პროგრესი[ხეების ხმობა] ჯერ კიდევ 7-8 წლის წინ , რახან არ მიიღეს ზომები და არ მოხდა ხელოვნური ჩარევა, გავრცელდა ეს დაავადება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ინფიცირებული, პარაზიტებიანი ხეები არ გაჰქონდათ დროულად და დაავადება სხვა ხეებზეც გადადიოდა. პარაზიტებმა მუტაცია განიცადეს და გადავიდნენ სხვა წიწვოვან და ფოთლოვან ხეებზეც” ,- ამბობს ნატა ფერაძე.

გარემოსდამცველის თქმით, შავი ფიჭვებიდან დაავადება კედრებსა და ნაძვებზე გადავიდა. თუმცა ქალაქის ფოთლოვან ხეებსაც არანაკლები პრობლემები აქვთ, მათ შორის, ჭადრებს, ცხენის წაბლსა და ცაცხვს.

“თბილისიდან დასავლეთში მიდის წიწვოვანების დაავადება, დასავლეთიდან ჩვენთან მოდის ჭადრების დაავადება, სრული აღრევაა პარაზიტებისა და დაავადებების. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის პრობლემა, ეს უნდა იყოს მთელი ქვეყნის პრობლემა,” – ამბობს ფერაძე.

მისივე თქმით, “პარტიზან მებააღეებს” თბილისის ამჟამინდელ მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრა ჰქონდათ. მათ შეიმუშავეს დასარგავი ხეების სია და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა მერია მათ წინადადებებს არ ითვალისწინებს.

“შეხვედრისას ვუთხარით, რომ ხეების წამლობა არის პრიორიტეტი და ეს წამლობა უნდა მოხდეს ადრეულ გაზაფხულზე. ეს წინადადება თავიდან მერიამ არ გაითვალისწინა, შემდეგ კი გვიან, სადღაც ივლის-აგვისტოში ხეების მცირე რაოდენობა შეწამლეს.
ეს პრობლემა ძალიან ხილვადია. მაგალითად, ჭადრის ხეებს რომ დააკვირდეთ, დაინახავთ, რომ ფოთლებს ქვემოთ აქვთ აბლაბუდასავით. ჭადარი ერთ-ერთი ყველაზე ამტანი ხეა და უნდა მოინდომო, რომ დაავადო და არ უშველო”, – გვიყვება ფერაძე.

დაავადებული ხეები თბილისში, წერეთლის გამზირი. 25.09.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ნატა ფერაძე ასევე დასძენს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე ხე თავისი ინიციატივით  შეწამლა – 50 ხის დამუშავება 3-4 ლარი დაჯდა. მისივე განმარტებით, ამ დაავადების დიაგნოსტირება მარტივია და თუ არ უმკურნალე, ჯანსაღ ხესაც აზიანებს. ფერაძე იხსენებს, რომ სწორედ დროული დიაგნოსტირებითა და მოვლით უფლებადამცველმა ანა გაბრიაძემ დიღმის ტყე-პარკის ხეები გადაარჩინა ხმობას.

უფლებადამცველის თქმითვე, თბილისში ფიჭვების ხმობა რამდენიმე ადგილზე განსაკუთრებით შესამჩნევია, კერძოდ კი, ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ლისის ტბასთან და წერეთლის გამოფენაზე.

ნეტგაზეთმა გამოფენების ცენტრის პარკის ლანდშაფტურ სამსახურს ჰკითხა, თუ რა მდგომარეობაშია აქ ფიჭვები. როგორც ირკვევა, 140 წიწვოვანი ხიდან ამ დროისთვის ჯანმრთელი 100 ხე დარჩა, თუმცა ფიჭვების დაავადება ეტაპობრივად მოედო კედრებსაც. როგორც აქ განმარტავენ, წიწვოვანი ხეები დასავლეთ საქართველოში ნაკლებად ავადდებიან, ტენდენცია პრობლემურ სახეს თბილისში იღებს.

მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ არ მოჭრეს გამხმარი ხეები, არის საფრთხე, რომ თბილისის შემოგარენში წიწვოვანი ხეები აღარ დარჩეს. როგორც გამოფენების ცენტრში გვითხრეს, წიწვოვნებს აღდგენის სუსტი უნარი აქვს, დაავადების შემდეგ კი ისინი პარაზიტების სამიზნეები ხდებიან. აღნიშნულ სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია, თბილისში თბილი ზამთარი დგას, შესაბამისად, პარაზიტები ადვილად იზამთრებენ.

დაავადებული ხეები თბილისში, წერეთლის გამზირი. 25.09.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

რაც შეეხება გამოსავალს, ცენტრშიც განმარტავენ, რომ ერთადერთი გზა დაავადებული ხეების გასუფთავება და ჯერ კიდევ ჯანსაღი ხეების გეგმური შეწამვლაა. მათივე განმარტებით, ეს მეთოდი უალტერნატივოა, ვინაიდან დაავადებული წიწვოვნის თუნდაც, გადაჭრით გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

ფიჭვების დაავადების პრობლემურობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივაშიც”.

“ჩვენთან ძირითადად ავადდება შავი ფიჭვი, რომელიც არის ინვაზიური სახეობა. ბევრი წლის განმავლობაში შავი ფიჭვი იყო საკმაოდ ჩვეულებრივად, მან თავისი ფუნქცია შეასრულა. ფიჭვი, რომელსაც “ხე პიონერსაც” ეძახიან, არის სახეობა, პირველს რგავენ. მისი დარგვის შემდეგ ცარიელ ადგილებში იქმნება ჩრდილი და ამ ადგილზე ისინი შემდეგ ფოთლოვანმა მცენარეებმა უნდა ჩაანაცვლონ”, – განმარტავს ირაკლი მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის განმარტებით, შავი ფიჭვი ასე მასობრივად იმიტომ დარგეს, რომ თბილისის ნაწილებში, მათ შორის, მთაწმინდის ფერდობზე, ათწლეულების წინ ტყეები გაჩეხეს. როგორც მაჭარაშვილი ამბობს, თბილისში ტყის მასივები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გაიჩეხა მასობრივად, როდესაც ხეებს ჭრიდნენ და ხის ნახშირს ამზადებდნენ. ხეების გაჩეხვამ კი წვიმების დროს წყლის ნაკადების მოვარდნა და დედაქალაქის ხშირი დატბორვა გამოიწვია. სწორედ ამ პრობლემის გამო დადგა დღის წესრიგში ფიჭვების დარგვა, რომელიც ახლა ფოთლოვანი ხეებით უნდა ჩანაცვლდეს.

“ეს მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების ადაპტაციის თვალსაზრისით. ვინაიდან ფოთლოვანი ხეები უფრო მეტ ჟანგბადს წარმოშობენ, ვიდრე წიწვოვნები და უფრო მეტ ნახშირორჟანგს შთანთქვავენ, ვიდრე წიწვოვნები. ასევე, ფოთლოვანი ხეები ნაკლებად ხანძარსაშიშია. სწორედ ამიტომ უნდა ჩანაცვლდეს წიწვოვანი ხეები ფოთლოვნებით”, – უთხრა ნეტგაზეთს ირაკლი მაჭარაშვილმა. 

მერიის პასუხი

როგორც მერიაში აცხადებენ, ფიჭვები ძირითადად დაავადებულია პათოგენური სოკოებით (lophodermill, Cylindrocarpon, Diplodia). სოკო lophodermill უმთავრესად აზიანებს წიწვებს და იწვევს მათ ძლიერ ცვენას, ასევე, მოზრდილ მცენარეებზე ქვედა ტოტების დაავადებასა და ხმობას. სოკო Cylindrocarpon ძირითადად აავადებს მცენარის ტოტებს, უმთავრესად იწვევს წიწვების დაავადებას და შემდეგ ხე-მცენარის ხმობას. სოკო  Diplodia იწვევს წიწვებისა და წლიური ნაზარდის წიწვების წვერის ხმობას, გირჩებისა და ტოტების დაავადებას, საბოლოოდ კი ხე-მცენარის ხმობას.

დედაქალაქის მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ხეების შეწამვლის სამუშაოები ტარდება რეგულარულად, ციკლი იწყება აპრილში და მთავრდება ნოემბრის ბოლოს. რაც შეეხება შეწამვლებს, 2016 წელს შეწამლულია 47 500 ხე-მცენარე, 2017 წელს – 94 350, 2018 წლის 9 თვეში კი – 98 626. მერია ოქტომბრის ბოლომდე, ჯამში, 120 000 ხე-მცენარის შეწამვლას გეგმავს.

მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ 2018-2019 წლებში დაგეგმილია 20 000 გამხმარი ფიჭვის ხის მოჭრა და ჩანაცვლება. დაზიანებულ ტერიტორიებს შორის კი 456 გამხმარი ფიჭვი უკვე მოიჭრა გოძიაშვილის ბაღში.

 

დაავადებული ხეები თბილისში, სანაპირო. 25.09.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

უწყების ინფორმაციით, 2019 წელს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მწვანე საფარის გაზრდის მიზნით დაგეგმილია 18.86 ჰექტარ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა. დაირგვება სხვადასხვა სახეობის 46 200 ნერგი. ახალი ნერგები დაირგვება იქ, სადაც სანიტარული მიზნით მოიჭრება გამხმარი ხეები. 

როგორც მერია ირწმუნება, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში დაგეგმილია 5 000 ძირი სხვადასხვა სახეობის, 3 მეტრზე მაღალი ხეების დარგვა.

დაავადებული ხეები თბილისში

? თბილისსა და მის შემოგარენში ბოლო წლებში ხე-მცენარეების, განსაკუთრებით კი ფიჭვების დაზიანება და ხმობა ფართოდ შეიმჩნევა. ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ➡ http://netgazeti.ge/news/306634/

Posted by netgazeti.ge on Tuesday, 25 September 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი