ახალი ამბები

„საქნახშირი“ მეშახტეებს ადანაშაულებს უსაფრთხოების წესების დარღვევაში

10 ივნისი, 2020 • 1709
„საქნახშირი“ მეშახტეებს ადანაშაულებს უსაფრთხოების წესების დარღვევაში

კომპანია „საქნახშირის“ ახალი მენეჯმენტი მინდელის შახტში 9 ივნისის ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს.

9 ივნისს მინდელის შახტში საწარმოო შემთხვევა მოხდა, კონკრეტულად კი გაფუჭდა ლიფტი, რომელსაც შახტში მუშები ჩაჰყავს, — უამბო „ნეტგაზეთს“ პროფკავშირების გაერთიანების (GTUC) თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ.

როგორც ერთ-ერთი დასაქმებული, ირაკლი ჩიხლაძე ამბობს, შემთხვევისას მოყოლილი 23 ადამიანი „სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა“.

10 ივნისს მეშახტეებმა — კომპანიის ცნობით, 200-მდე ადამიანმა — უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე, აქცია გამართეს და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცულობა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ, რომელიც 10 ივნისს მუშებს შეხვდა, მათ დააკისრა მომხდარზე პასუხისმგებლობა და განაცხადა: „9 ივნისის შემთხვევისას მეშახტეების მხრიდან მნიშვნელოვნად იყო დარღვეული უსაფრთხოების წესები“.

კომპანიის ვერსია ინციდენტზე ასეთია: „ამწე მექანიზმს პრობლემა 9 ივნისს, ღამის 00:40 საათზე შეექმნა. მეშახტეებმა შახტიდან ამოსვლა ცვლის დასრულებამდე გადაწყვიტეს. ამ დროისათვის ე.წ. „კლეტი“ ტვირთამწეობის რეჟიმში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „კლეტზე“ ჩამოკიდებული არ იყო კარი და არ იყო ჩატარებული სპეციალური შემოწმება“.

კომპანიის თანახმად, ამწე მექანიზმის დათვალიერება და მოწესრიგება მიმდინარეობს ტვირთების ამოწევის დასრულების შემდეგ, ასევე, ყოველი ცვლის ბოლოს, ახალი ცვლის ჩაშვებამდე და წინა ცვლის პერსონალის ამოყვანამდე; „შესაბამისად, მისი გამოყენება თანამშრომლების გადასაადგილებლად არ შეიძლებოდა“, – წერია განცხადებაში.

„საქნახშირის თანახმად“, ლიფტი, რომელშიც 22 თანამშრომელი იმყოფებოდა, მწყობრიდან გამოვიდა და გამყოლებში გაიჭედა. მეშახტეები უვნებლად გამოვიდნენ დაზიანებული ლიფტიდან.

„იმავე დღეს მოხდა ლიფტის შეკეთება, თუმცა თანამშრომლები ამ ეტაპზე თავს იკავებენ შახტში ჩასვლისაგან“, – წერს კომპანია.

10 ივნისს მეშახტეები შეხვდნენ „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, მიხაილ სოცკის, რომელმაც, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მუშებისთვის „სამუშაოების განახლებისთვის მათი მთავარი პირობა არის კომისიის დასკვნა“.

საუბარია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქიონირებს — სააგენტომ დღეს განაცხადა, რომ ტყიბულში, მინდელი შახტში გუშინ მომხდარ ინციდენტს შეისწავლის.

„დაველოდებით და დასკვნის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“ ,- განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ.


2019 წლის სექტემბრიდან ტყიბულის ინვესტორი კომპანია GIG ჯგუფი ჩაანაცვლა Steel International Trade Company-მ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიამ „საქნახშირის“ წილები 27 სექტემბერს 1 ლარად იყიდა.

როდესაც რამდენიმეთვიანი შეჩერების შემდეგ მეშახტეები  სამუშაოს დაუბრუნდნენ, სწორედ ეს კომპანია დახვდათ ადმინისტრაციაში.

თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, სამუშაოები ისე განაახლეს, რომ სამუშო პირობები არათუ გაუმჯობესდა ან გამოსწორდა, არამედ გაუარესდა.


კომპანიის წარმოამდგენლის, მიხაილ სოცკის განცხადებით, შახტზე სრული რეკონსტრუქციის სამუშაოები 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

ვრცლად:

მოკლედ: რა ხდება ტყიბულში და რას ითხოვენ მეშახტეები

გირჩევთ ასევე:

მოკლედ: რა ხდება ტყიბულში და რას ითხოვენ მეშახტეები

მასალების გადაბეჭდვის წესი