ახალი ამბებიეკონომიკაკომენტარი

ეკონომიკის რა ტიპის სტიმულირება მუშაობს? | ჯოზეფ სტიგლიცი და ჰამიდ რაშიდი

10 ივნისი, 2020 • 3569
ეკონომიკის რა ტიპის სტიმულირება მუშაობს? | ჯოზეფ სტიგლიცი და ჰამიდ რაშიდი

COVID-19-ის თავდაპირველი შოკის დროს, გასაგები იყო, რომ მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების პასუხი ლიკვიდურობის მასიური ინექცია იქნებოდა. თუმცა ახლა პოლიტიკის შემქმნელებმა უკან უნდა გაიხედონ და განიხილონ, ეკონომიკის სტიმულირების რომელი ფორმებია რეალურად საჭირო და რომელმა შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი.

ავტორები:

  • ჯოზეფ სტიგლიცი, ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში
  • ჰამიდ რაშიდი, ეკონომისტი, გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (პირადი მოსაზრება)

მსოფლიოს მასშტაბით, მთავრობები COVID-19-ზე რეაგირების ფარგლებში ფისკალურ და მონეტარულ ზომებს იღებენ, რომელთა ღირებულებამაც მსოფლიოს მშპ-ის 10%-ს მიაღწია. თუმცა, გაეროს ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უახლესი გლობალური შეფასების თანახმად, [ეკონომიკის] სტიმულირების ამ ზომებმა შესაძლოა, ვერ მოახერხონ ინვესტირებისა და მოხმარების ზრდა ისე, როგორც პოლიტიკის შემქმნელებს აქვთ იმედი.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ კაპიტალურ ბუფერებში მიდის, რის შედეგადაც თანხის მოცულობა „შავი დღის სალაროში“ იზრდება. სიტუაცია ჰგავს „ლიკვიდურობის მახეს“, რომელიც ასე ანერვიულებდა ჯონ მეინარდ კეინზს დიდი დეპრესიის დროს.

[ეკონომიკის] სტიმულირების დღევანდელი ზომები, რაც სავსებით გასაგებიცაა, სიჩქარეში, თითქმის პანიკაში შემუშავდა, რათა პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები შეეკავებინა. მართალია, მიღებული ზომები არც მიზნობრივი ყოფილა და არც ზუსტი, ბევრი კომენტატორი მიიჩნევს, რომ  ეს იმ დროისთვის ერთადერთი შესაძლებელი ზომა იყო. ლიკვიდურობის სასწრაფო მასობრივი ინექციის გარეშე, სავარაუდოდ, ადგილი ექნებოდა ფართომასშტაბიან ბანკროტს და ორგანიზაციული კაპიტალის კარგვას, ხოლო ეკონომიკის აღორძინებამდე გასავლელი გზა კიდევ უფრო რთული იქნებოდა.

თუმცა, ახლა უკვე ნათელია, რომ პანდემია ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე რამდენიმე კვირა, როგორც თავდაპირველად ეგონათ — სასწრაფო ზომების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ყველა ამ პროგრამის შეფასება უფრო ყურადღებიანადაა საჭირო, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლით. ღრმა გაურკვევლობის დროს, „შავი დღის სალაროს“ მოცულობა იზრდება, რადგანაც საოჯახო მეურნეობები და ბიზნესები ინახავენ ფულს, რადგანაც ეშინიათ, რა იქნება მომავალში.

გამონაკლისი არც მიმდინარე კრიზისია. საოჯახო მეურნეობებისა და ბიზნესების მიერ „სტიმულირების ჩეკების“ ფარგლებში მიღებული ფულის დიდი ნაწილი, ალბათ, მათ საბანკო ანგარიშზე დარჩება მომავალზე დარდიდან და ფულის დახარჯვის შესაძლებლობის შემცირებიდან გამომდინარე. ამავე დროს, ბანკებს, დიდი ალბათობით, მოუწევთ ზედმეტ ლივკიდურობაზე „დაჯდომა“, რადგანაც ახალი სესხების ამღებების ნაკლებობა იქნება.

არაა გასაკვირი, რომ აშშ-ის სადეპოზიტო ინსტიტუტებში შენახულები რეზერვები თებერვლიდან აპრილამდე თითქის ორჯერ გაიზარდა —1,5 ტრილიონი დოლარიდან 2,9-მდე. შედარებისთვის, დიდი რეცესიის (2007-09) დროს ბანკში შენახული რეზერვები მხოლოდ 1 ტრილიონი იყო. საბანკო რეზერვების ასეთი მასიური ზრდა მიგვანიშნებს, რომ უკვე იმპლემენტირებული სტიმულირების პოლიტიკას დიდი მულტიპლიკატორული ეფექტი არ ჰქონია. ნათელია, რომ მხოლოდ ბანკში ფულის შენატანები არსებული ეკონომიკური ჩიხიდან ვერ გამოგვიყვანს.

კიდევ უფრო აუარესებს პრობლემებს ის, რომ დღევანდელ ზედმეტ ლიკვიდურობას შეიძლება მაღალი სოციალური ფასიც ჰქონდეს. ინფლაციასა და ვალზე ისედაც არსებული შიშების გარდა, გვაქვს მიზეზი ვიდარდოთ, რომ ბანკში არსებული ზედმეტი თანხა ფინანსურ სპეკულაციებს გაუკაფავს გზას.  საფონდო ბირჟები უკვე ყოველდღე განიცდიან მერყევ დინამიკას, ამას კი შეუძლია კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს გაურკვევლობის კლიმატში, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო ფრთხილ ქცევას და არ შეუწყობს ხელს მოხმარებასა და ინვესტიციას, რაც აუცილებელია ეკონომიკური აღორძინებისთვის.

ამ შემთხვევაში, სახეზე გვექნება „ლიკვიდურობის მახე“ და „ლიკვიდორუბის პრობლემა“: მასობრივი ზრდა ფულის მომარაგებაში და მისი გამოყენების მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობა ბიზნესისთვისა და საოჯახო მეურნეობებისთვის. COVID-19-ის კონტროლის მოქცევის ქვეშ კარგად გათვლილი [ეკონომიკის] სტიმულირების ზომები ეკონომიკას დაეხმარება, მაგრამ სანამ პანდემია მძვინვარებს, შეუძლებელი იქნება, ნორმალურობას დავუბრუნდეთ.

შესაბამისად, მიმდინარე სიტუაციაში გამოსავალი რისკის შემცირება და ფულის ხარჯვის სტიმულირებაა. სანამ ბიზნესი იფიქრებს, რომ ეკონომიკა მომავალი ექვსი თვე თუ ერთი წელი სუსტი იქნება, ინვესტირებასაც გადადებს და, შესაბამისად, ეკონომიკის აღორძინებაც გადაიწევს. მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია, დაანგრიოს ეს მოჯადოებული წრე. მთავრობებმა თავიანთ თავზე უნდა აიღონ დღევანდელი რისკების დარღვევა და ბიზნესს კომპენსაცია შესთავაზონ იმ შემთხვევაში, თუ დროის კონკრეტული მომენტისთვის ეკონომიკა არ აღორძინდება.

ასეთი მოდელი უკვე არსებობს — „ეროუ-დებრიუს უზრუნველყოფა“ (ეკონომიკაში ნობელის პრიზის ლაურეატების, კენეტ აუროსა და ჟერარ დებრიუს საპატივცემულოდ). ამ სქემით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ დადგენილი პირობების საფუძველზე. მაგალითად, მთავრობას შეუძლია გამოსცეს გარანტია, რომ თუ საოჯახო მეურნეობა დღეს ავტომობილს შეიძენს, ხოლო პანდემიის [დიაგრამზე ინფექციის გავრცელების] ხაზი ამ მომენტიდან ექვსი თვის შემდეგ კონკრეტულ დონეზე იქნება, თვეში მანქანისთვის გადასახდელი თანხის გადახდის აუცილებლობა დროებით შეჩერდება. მსგავსად, შემოსავალზე დამოკიდებული სესხები [როდესაც სესხის თვიური შენატანი განისაზღვრება მსესხებლის შემოსავლით] შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლის ყიდვისკენ ბიძგისთვის, მათ შორის საბინაო სექტორშიც. იგივე პირობები შეიძლება მიესადაგოს ბიზნესის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს.

მთავრობებმა აგრეთვე უნდა განიხილონ დახმარების ვაუჩერების გაცემა საოჯახო მეურნეობების მიერ მოხმარების სტიმულირებისთვის. ეს უკვე ხდება ჩინეთში, სადაც 50 ქალაქში ადგილობრივი მთავრობები გასცემენ ციფრულ კუპონებს, რომლებიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა მომსახურების თუ საქონლის შესაძენად. გამოყენების ვადის გასვლა მათ მოხმარების სტიმულატორად აქცევს და ზრდის მოთხოვნას დროის მცირე მონაკვეთში, როდესაც ეს ყველაზე მეტადაა საჭირო.

პანდემია დიდი ალბათობით უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე თავდაპირველად იყო ნავარაუდები. შესაბამისად, საჭირო იქნება მეტი სტიმულირება. მაგალითად, აშშ-მა უკვე დახარჯა 3 ტრილიონი დოლარი მოსახლეობის დახმარების სხვადასხვა სახისთვის, თუმცა მეტი და უკეთესად შემუშავებული ზომის გარეშე, ეს ფული უბრალოდ გაახანგრძლივებს ბევრი ფირმის სიცოცხლეს და არა იხსნის მათ.

რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს მიდგომა, როცა დახმარება ეწევა ბიზნესს იმ პირობით, რომ ისინი შეინარჩუნებენ დასაქმებულებს, ხოლო მთავრობა დაფარავს ხარჯებს ბიზნესის შემოსავლის კლების პროპორციულად. აშშ-ში, წარმომადგენელთა პალატის წევრმა ვაშინგტონის შტატიდან, პრამილა ჯეიპალმა, რამდენიმე სენატორთან ერთად, უკვე წარმოადგინა ამ ნიადაგზე აგებული კანონპროექტი.

ცუდად შემუშავებული სტიმულირების პროგრმები არა მარტო არაფექტიანი, არამედ პოტენციურად სახიფათოცაა. ცუდ პოლიტიკას შეუძლია წვლილი შეიტანოს უთანასწორობის გაღვივებაში, დათესოს არასტაბილურობა და ძირი გამოუთხაროს მთავრობის პოლიტიკურ მხარდაჭერას ყველაზე საჭირო მომენტში — როცა საჭიროა ეკონომიკის გრძელვადიან რეცესიაში გადავარდნისგან ხსნა. საბედნიეროდ, ალტერნატივები არსებობს, თუმცა დრო გვაჩვენებს, აირჩევენ თუ არა მათ მთავრობები.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის” შეთანხმების შესაბამისად. 

თარგმანი: ნიკა ბურდული

გარეკანის ფოტო: EPA


იხილეთ აგრეთვე:

COVID19-ის დასრულების გლობალური სტრატეგია | მოსაზრება

COVID19-ის დასრულების გლობალური სტრატეგია | მოსაზრება

მასალების გადაბეჭდვის წესი