ახალი ამბები

ჯგუფი ინტერნეტით ნარკოტიკს ყიდდა, წევრებს 15- და 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ – პროკურატუა

10 ივნისი, 2020 • 1043
ჯგუფი ინტერნეტით ნარკოტიკს ყიდდა, წევრებს 15- და 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ – პროკურატუა

პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს, რომლებსაც ინტერნეტით ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური საშუალებების გასაღება ედებათ ბრალად, 15- და 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქსო სასამართლომ გამოიტანა.

პროკურატურა შსს-ს გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ 2019 წელს სამმა პირმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც ინტერნეტით ფსიქოაქტიური საშუალებების გასაღება იყო.

„ორგანიზებული ჯგუფის სამივე წევრს განაწილებული ჰქონდათ ფუნქციები, ისინი მოიპოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შემდგომ ავტომობილის მეშვეობით გადაადგილდებოდნენ ქ. თბილისში, სხვადასხვა უბნებში, რა დროსაც ნარკოტიკულ საშუალებებს და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ათავსებდნენ საცხოვრებელი კორპუსის სხვადასხვა ადგილებში, ხოლო მისამართებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემძენ პირებს, სანაცვლოდ ისინი კრიპტოვალუტის საშუალებით იღებდნენ ფულად თანხას“, – წერს პროკურატურა.

ბრალდებულებს ბრალდების მხარე ედავებოდა ცხრა ეპიზოდში: ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, მეხუთე ნაწილის „ა“, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მეოთხე, მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მუხლის მეორე ნაწილი, მეოთხე ნაწილი, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა.

უწყება წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის სამივე წევრი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 2 პირს თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, ხოლო მესამეს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი