ახალი ამბები

“თუ არ გაქვთ თანხა, მიირთვით უფასოდ” – ეგვიპტური რესტორანი თბილისში

8 ივნისი, 2020 • 2912
“თუ არ გაქვთ თანხა, მიირთვით უფასოდ” – ეგვიპტური რესტორანი თბილისში

“თუ არ გაქვთ თანხა, მობრძანდი [და] მიირთვი უფასოდ”, – შეთავაზება თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ეგვიპტურ რესტორანში მისი გახსნის დღიდან მოქმედებს. ტექსტი კარზე ქართულ და არაბულ ენებზეა განთავსებული. მისი მფლობელის თქმით, სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველას, ეროვნებისა და რელიგიის განურჩევლად.

ჰანი მიშელი ეგვიპტიდან საქართველოში საცხოვრებლად  7 წლის წინ გადმოვიდა, რესტორანი “ეგვიპტური ამბავი” კი 3 წლის წინ გახსნა. აცხადებს, რომ საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის უფასო საკვების მიწოდება ეგვიპტეშიც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

მისი თქმით, აუცილებელია, დაეხმაროს სოციალურად შეჭირვებულ ყველა ადამიანს, იქნება ის ქართველი, არაბი თუ სხვა.

“ეს აუცილებელია, რადგან ჩვენ, ყველანი, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ”, – აღნიშნავს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ჰანი მიშელი აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ, ეს სერვისი რესტორანში მთელი დღის მანძილზე მოქმედებს, თუმცა ამჟამად, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მსურველებს საკვებს მხოლოდ 15:00-დან 17:00-მდე აწვდიან.

“ის ყველაზე მარტივი რამ, რაც ყველა ბიზნესმენს შეგვიძლია გავაკეთოთ, არის უფასო საკვები მათთვის, ვისაც ეს სჭირდება”, – ამბობს ის.

მიშელის თქმით, რესტორანი ეგვიპტურია, თუმცა ადამიანებს სხვა არაბული ქვეყნების სამზარეულოსაც სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი