ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის თქმით, მან Covid-19 დაამარცხა

8 ივნისი, 2020 • 929
ფაშინიანის თქმით, მან Covid-19 დაამარცხა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები Covid-19-სგან განიკურნენ.

ფაშინიანმა დაწერა, რომ გუშინ და დღეს გაკეთებულმა ტესტებმა ორივე შემთხვევაში ნეგატიური შედეგები აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ კოვიდინფექცია აღარ აქვთ.

„ყველანი ჯანმრთელად ვართ“, – დაწერა მან ფეისბუკზე. ფაშინიანებს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი 31 მაისს დაუდასტურდა და პირველ ივნისს გამოაცხადა ფეისბუკზე. ფაშიანიანმა თქვა, რომ სიმპტომები არ ჰქონია, თუმცა ტესტის გაკეთება მაინც გადაწყვიტა.


სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს 8 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 195 და გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; გამოჯანმრთელდა 85 ადამიანი.

ინფიცირებულთა ეს რაოდენობა საგრძნობლად ნაკლებია წინა დღეებში დაფიქსირებულ ასობით შემთხვევასთან შედარებით — ბოლო ოთხი დღის განმავლობაში 766, 547, 596 და 697 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 13325 ადამიანია ინფიცირებული. ჩატარებულია 70000-მდე ტესტირება.


6 ივნისს ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ორი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციებში ადგილები აღარ არის. მანვე განაცხადა, რომ ამჟამად Covid-19-ით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდებოდა ჰოსპიტალიზაციაზე რიგს, რადგან კლინიკებში ადგილები აღარ აქვთ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის ჩვენი დღევანდელი სისტემა ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებში იმ პაციენტების მოთავსება, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ“, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი