ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას 15 ივნისიდან განაახლებს

8 ივნისი, 2020 • 1467
საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას 15 ივნისიდან განაახლებს

საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას 15 ივნისიდან განაახლებს. საქართველოს რკინიგზის განცხადებით, კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესაბამისად გააგრძელებს მუშაობას:

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დღეს მატარებლის ვაგონები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა.

რკინიგზაში განმარტავენ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში თავად იყვნენ ჩართულნი.

საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა კაჭარავა აცხადებს, რომ მგზავრებისთვის შეიქმნა სპეციალური ინსტრუქცია, რომლის მიხედვითად ყველა მგზავრს ვაგონის შესასვლელში გამცილებლები თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ, მატარებელში შესვლისთანავე კი დეზობარიერის გავლა და ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება მოუწევთ.

რკინიგზის წარმოამდგენლის თქმით, ხელის დისპენსერები ყველა ვაგონშია დამონტაჟბული. ასევე აღნიშნავს, რომ პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან:

“კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ  დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის  დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია.

მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება”, – აცხადებს საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა კაჭარავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი