ახალი ამბები

ჯაში: დამოუკიდებელი დეპუტატები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ

21 მაისი, 2020 •
ჯაში: დამოუკიდებელი დეპუტატები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებებს დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ და სხდომათა დარბაზს პროტესტის ნიშნად ტოვებენ.

იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტი პირველი მოსმენით აღნიშნულ კანონპროექტს დაამტკიცებს, ჯაში აცხადებს, რომ ფრაქცია არც ბოიკოტის რეჟიმზე გადასვლას გამორიცხავს:

“ნუ გარისკავთ ამ ცვლილებების მხარდაჭრას, რადგან თუნდაც ერთი საარჩევნო ოლქის ჩაკეტვა კორონავირუსის ეპიდსიტუაციის გართულების საბაბით, სერიოზულ კითხვებს გააჩენს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ვხედავთ დღეს, პარლამენტის უმრავლესობა აპირებს კენჭი უყაროს პირველი მოსმენით ამ კანონპროექტს. რამდენადაც, ის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დემორკატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენი ფრაქცია იღებს გადაწყვეტილებას, არ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში და დავტოვოთ დარბაზი.

თუკი “ქართული ოცნების” ხელისუფლება მხარს დაუჭერს აღიშნულ ცვლილებას, ჩვენ არ მივიღებთ განხილვებში მონაწილეობას ხვალ და გადავალთ ბოიკოტის რეჟიმზე” ,- თქვა მარიამ ჯაშმა.

მანამდე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ამავე ფრაქციიდან ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი პარლამენტის მხარდაჭერას მიიღებს, დეპუტატები მისთვის ვეტოს დადების მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.

პარლამენტი “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტს, განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება. კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი