“თბილისი პრაიდის” განცხადებით, 7 ივნისს რადიკალური ჯგუფები მათ ოფისს თავს დაესხნენ და საღებავები შეასხეს.
როგორც “ნეტგაზეთს” “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა განუცხადა, საღებავი მისხმულია ლგბტ დროშაზე, ასევე, შენობის კედელზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
გიორგი თაბაგარის თქმით, თავდამსხმელები პოლიციამ შეაჩერა, ფოტოები გადაუღო, თუმცა არავინ დაუკავებია. გურამ ფალავანდიშვილის “ბავშვთა უფლებების საზოგადოება”, საზოგადოება “ზნეობა” და სხვადასხვა მართლმადიდებლური ორგანიზაციის წარმომადგენლები “თბილისი პრაიდის” ოფისთან აქციებს რამდენიმე დღეა მართავენ. თაბაგარი ვარაუდობს, რომ საღებავიანი ბურთები ოფისს სწორედ აქციის მონაწილეებმა ესროლეს.
გურამ ფალავანდიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ საღებავები ოფისს აქციის მონაწილეებმა ესროლეს, თუმცა არ იცის, კონკრეტულად ვინ, რადგან აქცია ერთი რომელიმე ჯგუფის მიერ არ არის ორგანიზებული და მას მრევლის წევრები ინდივიდუალურად უერთდებიან.
“მე პირადად არ ვყოფილვარ [ოფისთან], რომ ვყოფილიყავი, მეც ვესროდი”, – თქვა ფალავანდიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, გამოკითხულია რამდენიმე პირი და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიები.
Update: Yesterday radical groups attacked @TbilisiPride Office.
Glad, the #Police is always here, but as you see, even they don’t/can’t stop them.
We urge @MIAofGeorgia to finish the investigation ASAP.
Having a safe #WorkingEnvironment is our right as well!@HumanRightsGeo pic.twitter.com/yxNLstw3hE
— Tamaz Sozashvili (@TamazSozashvili) June 8, 2020