ახალი ამბები

ის, რაც ისედაც მათი იყო და დაკანონდა, პრობლემას ვერ ვხედავ – ხაზარაძე ეკლესიისთვის ტყის გადაცემაზე

7 ივნისი, 2020 • 1446
ის, რაც ისედაც მათი იყო და დაკანონდა, პრობლემას ვერ ვხედავ – ხაზარაძე ეკლესიისთვის ტყის გადაცემაზე

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ხაზარაძის თქმით, ტყეები რომლებიც ეკლესიების ფაქტობრივ მფლობელობაში იყო, ხოლო საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ისინი მათ საკუთრებაში გადაეცემათ, “ამაში განსაკუთრებული არაფერია.”

“საპატრიარქოსთვის ტყეების დაკანონდება დღეს არ მომხდარა. ეს ტყეები ძველ ტაძრებზე იყო გადაცემული, პირდაპირ გეტყვით რომ გელათის გარშემო ტყე დაცული უნდა იყოს. სამწუხაროდ, ადგილობრივი ჩინოვნიკებს ან გარკვეული ადამიანებს რომლებსაც მადა ეხსნებათ ხოლმე, შესაძლოა ვიღაცამ გადაწყვიტოს რომ მაგალითად გელათის გარშემო ტყეში ვილა ჩადგას…

ამიტომ თუ ეკლესია-მოსატერს ისტორიულად ეკლესია პატრონობდა მის გარშემო ამ ტყის დაკანონება პრობლემად არ მიმაჩნია. დღეს სახელმწიფო ტყეებს ხედავს?! ჩვენ დღეს არ ვართ სახელმწიფო. გადაგიფრენიათ საქართველოს თავზე ხე-ტყის ჩეხვა როგორ მიდის?! მე ნანახი მაქვს ეს ყველაფერი. ამიტომ მირჩევნია რომ ის რაც ისედაც მათი იყო [ეკლესიის], მაგრამ კერძო საკუთრებაში არ ჰქონდათ, მე როგორც ვიცით უზურფუტში იყო… დღეს უბრალოდ დაკანონდა, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია ამას ძალიან კარგად მიხედავს… მაგრამ თუ აქ საუბარია იმაზე რომ ეკლესიამ ვიღაცის მიწა მიითვისა, ამაზე რაღაც გადაცემები იყო.. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვსაუბრობ, “-ამბობს ხაზარაძე.

22 მაისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი.

საუბარია “ტყის კოდექსში” შემავალ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

კანონპროექტს აკრიტიკებდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. მათი შეფასებით, ხელისუფლება კანონს წინასაარჩევნოდ იყენებდა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაიებში მიიჩნევდნენ, რომ ცვლილებები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი