ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ჯერ კიდევ ელოდებიან Covid-19-ის პიკს

6 ივნისი, 2020 • 1184
სომხეთში ჯერ კიდევ ელოდებიან Covid-19-ის პიკს

სომხეთში, სადაც Covid-19-ით ინფიცირების 12 ათასზე მეტი შემთხვევა და 190 გარდაცვალება დასტურდება, ჯერ კიდევ ელოდებიან ეპიდემიის გავრცელების პიკს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 5 ივნისს განაცხადა, რომ რთულია, ივარაუდონ, როდის მიაღწევს Covid-19-ის ეპიდემია პიკს სომხეთში; მისი თქმით, ეს შეიძლება ივნისის მეორე ნახევარში მოხდეს, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ამ მოლოდინის დასაბუთება არ არსებობს და შესაძლებელია, რომ პიკს ოქტომბერში, დეკემბერში ან თუნდაც 2021 წლის თებერვალში მიაღწიონ.

ფაშინიანმა, რომელიც თავად არის ინფიცირებული Covid-19-ით [მას დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს და ჰოსპიტალიზებული არ არის], განაცხადა, რომ სამთავრობო კომისიამ განიხილა მომავალში ეპიდემიასთან ბრძოლის არაერთი სცენარი, მათ შორის ხელახალი, სრული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, კომენდანტის საათი და ეკონომიკური საქმიანობების უმეტესობის აკრძალვა.

თუმცა, ფაშინიანის თქმით, ის არ ემხრობა ამ სცენარების განხორციელებას, სანამ მთავრობა არ დარწმუნდება, რომ ეს ზომები პრობლემას მოაგვარებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მას სჯერა, რომ სიტუაცია შეიცვლება, თუკი ადამიანების ინდივიდუალური ქცევა შეიცვლება.


ორი დღით ადრე ფაშინიანმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო მძიმე შედეგებისგან თავის ასარიდებლად, „ახლანდელი სიტუაცია საჭიროებს, რომ ყოველი მოქალაქე სხვებს მოეპყრას ისე, როგორც ინფექციის პოტენციურ მატარებელს“.

ეპიდემიის ხელახალი და მზარდი გავრცელების ფონზე, ფაშინიანი მოქალაქეებს კვლავ მკაცრად მოუწოდებს, სოციალური დისტანცირების ნორმა და პანდემიასთან დაკავშირებული სხვა წესები დაიცვან.


ნიკოლ ფაშინიანმა 4 ივნისს განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება და ახლა უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციას დროულად  ვერ მოახერხებენ, რადგანაც კლინიკები გადატვირთულია.


სომხეთში, ჯანდაცვის სამინისტროს 6 ივნისის დილით გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ბოლო 24 საათში Covid-19-ის 547 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის სომხეთში ინფიცირებულების დადასტურებული შემთხვევევის რაოდენობა 12 364-ია. სულ გარდაიცვალა 190 ადამიანი. ინფიცირებულთა ნაწილს კლინიკებში მკურნალობენ, ნაწილი კი, ვისაც დაავადების მსუბუქი სახე აქვს, კლინიკური სექტორის გადატვირთულობის გამო, კლინიკაში არ მკურნალობს. მათ შორის პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახი.

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა. აპრილის დასაწყისში ახალი შემთხვევების რიცხვმა გარკვეულწილად კლება დაიწყო, თუმცა აპრილის შუა რიცხვებიდან კვლავ დაიწყო ზრდა. 4 მაისს, იმის მიუხედავად, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებული იყო, სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი