ახალი ამბები

კაცი, რომელიც ვარკეთილში უმისამართოდ ისროდა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

5 ივნისი, 2020 • 1131
კაცი, რომელიც ვარკეთილში უმისამართოდ ისროდა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კაცი პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობითვე, დღეს, 5 ივნისს, 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა რამდენჯერმე გაისროლა.

“ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, იგი კვლავ აგრძელებდა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ის დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა”,-აცხადებენ შსს-ში.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შეთხვევაში დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს, 5 ივნისს, ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან პოლიცია იყო მობილიზებული. ამის მიზეზი გახდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი, რომელიც  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი