ახალი ამბები

გახარია ასახელებს ქვეყნებს, საიდანაც ტურისტებს წელსვე ელის

5 ივნისი, 2020 • 1092
გახარია ასახელებს ქვეყნებს, საიდანაც ტურისტებს წელსვე ელის

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 5 ივნისს, იმერეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ის ქვეყნები დაასახელა, საიდანაც საქართველო ტურისტებს, სავარაუდოდ, წელსვე მიიღებს. ისარაელისა და ბალტიის ქვეყნების გარდა, ჩამონათვალში მოხვდა ავსტრია, საბერძნეთი, ჩეხეთი და უნგრეთი:

„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. კონკრეტული ეკონომიკური შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული – მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ, და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, COVID-ის თვალსაზრისით, ჩვენ რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად”.

პრემიერმა სექტორთან შეხვედრისას ასევე სასტუმროებისთვის არსებულ სავალდებულო წესებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ დროისთვის თბილისში შემოწმებული 75 სასტუმროდან მხოლოდ 15-მა დააკმაყოფილა მოთხოვნები.

„ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში დაწყებულია კონკრეტული სასტუმროებისგან განაცხადების მიღება, რომ – მოდით, შემამოწმეთ და თუ ვაკმაყოფილებ, გავიხსნები. რაღაც რაოდენობა შემოწმებულია. გუშინ თბილისს ამოწმებდნენ. 75-დან თბილისში 15 -მა გაუძლო. ამ  ციფრმა არ უნდა შეგაშინოთ. მოგეხსენებათ, რომ თბილისში ბევრია დიდი სასტუმრო, მაგრამ პატარა სასტუმროებს მოთხოვნები ცოტა სხვანაირი აქვთ. ამიტომ, უნდა შეხვიდეთ განაცხადით და ნახოთ, მოთხოვნა როგორია და მათი დაკმაყოფილება არ არის რთული”,-აცხადებს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი