ახალი ამბები

საფრთხე, რომელსაც TikTok ქმნის

5 ივნისი, 2020 • 3449
საფრთხე, რომელსაც TikTok ქმნის

მიკროფონი, კამერა, ადგილმდებარეობა, ტელეფონში შენახული ფოტოები და ვიდეოები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ინფორმაციისა და პირადი მონაცემებისა, რომელსაც ცნობილ აპლიკაცია TikTok-ს წვდომა ექნება თქვენს მობილურ ტელეფონში ჩაწერის შემდეგ.

ეს ნიშნავს, რომ აპლიკაციას შეუძლია თქვენი საუბრების ჩაწერა, ტელეფონში შენახული ფოტოებისა და სხვა ფაილების დათვალიერება და ასევე, თქვენი პირადი მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა.

სოციალური ქსელი, რომელიც ჩინეთში შეიქმნა და სადაც მომხმარებლები მოკლე ვიდეოებს აქვეყნებენ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სულ ცოტა ხნის წინ, მასზე ბიძინა ივანიშვილიც კი გამოჩნდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ცოტა ხნის წინ სპეციალური ბროშურა გამოსცა, სადაც აპლიკაციის მიერ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენების საფრთხეების შესახებ დაწერა.

ნეტგაზეთი გთვააზობთ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ TikTok-ის უსაფრთხოებაზე გამოქვეყუნებულ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია შემდეგი:

რა ინფორმაციას ვუზიარებთ Tik Tok-ს რეგისტრაციისას?

როგორც ცნობილია, Tik Tok-ზე რეგისტრაცია შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით. თუ მომხმარებელი აპლიკაციაში რეგისტრირდება Facebook-ის, Twitter-ის, Instagram-ის ან მსგავსი პლატფორმის გამოყენებით, აპლიკაცია მომხმარებლის თანხმობით დამატებით იღებს მითითებულ პლატფორმებზე მომხმარებლის პირად გვერდზე არსებული ინფორმაციის ნაწილს.

ამასთან, აპლიკაცია აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლების ქცევის (მაგალითად, მომხმარებლის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების) შესახებ.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორი წერს, Google Play-ში დაფიქსირებული მონაცემებიდან გამომდინარე აპლიკაცია თქვენს მოწყობილობაში ჩაწერისა და მისი გამოყენების დროს მოითხოვს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებზე და მოწყობილობის ფუნქციებზე წვდომას:

მოწყობილობის და აპლიკაციის ისტორია (Device & app history) – აღნიშნული წვდომა აპლიკაციას საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია მოწყობილობაში ჩაწერილი და მიმდინარედ გააქტიურებული აპლიკაციების/პროგრამების შესახებ. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ Facebook-ის, Viber-ისა და WhatsApp-ის აპლიკაციები და მიმდინარედ გააქტიურებულია ისინი, TikTok-ის აპლიკაციას შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის მიღება. აპლიკაციისთვის მოწყობილობის და აპლიკაციის ისტორიაზე წვდომის გათიშვა შეუძლებელია;

მიკროფონი – აუდიოჩაწერა (Microphone-record audio) – აღნიშნული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობის მიკროფონის გამოყენებით ნებისმიერ დროს განახორციელოს ხმის ჩაწერა, დამატებითი დადასტურების გარეშე. აპლიკაციის საშუალებით მიკროფონის პირველი გამოყენების დროს, ის გეკითხებათ მოწყობილობის მიკროფონის გამოყენების ფუნქციაზე წვდომის მიღების შესახებ. მაგალითად, როდესაც პირველად გადაწყვეტთ ამ აპლიკაციის საშუალებით ვიდეოს ჩაწერას, აპლიკაცია მოგთხოვთ თქვენი მოწყობილობის მიკროფონისა და კამერის გამოყენების უფლებას. თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციას მისცეთ უფლება, დამატებითი დადასტურების გარეშე, შემდგომში გამოიყენოს თქვენი მოწყობილობის მიკროფონი. აპლიკაციას მიკროფონის გამოყენების ფუნქციაზე წვდომა შეგიძლიათ გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან;

ტელეფონის მეხსიერება (Storage) – მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია განახორციელოს მოწყობილობის მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების წაკითხვა/დათვალიერება, ჩაწერა, წაშლა ან რედაქტირება. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ სურათები ან ვიდეოგამოსახულებები, აპლიკაციას შეუძლია მათი დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თქვენი მოწყობილობის მეხსიერებაზე წვდომისათვის დამატებით გეკითხებათ ტელეფონში აპლიკაციის საშუალებით პირველი ვიდეო/აუდიოგამოსახულების შენახვის დროს. შესაბამისად, აპლიკაციას შეგიძლიათ მისცეთ უფლება, დამატებითი დადასტურების გარეშე შემდგომში წვდომა ჰქონდეს თქვენს ტელეფონში ჩაწერილ სურათებზე ან ვიდეოგამოსახულებებზე. აპლიკაციას თქვენი მოწყობილობის მეხსიერებაზე წვდომა შეგიძლიათ გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან;

მაიდენტიფიცირებელი მონაცემები – ანგარიშის დამატება ან წაშლა (Identity – add or remove accounts) – აღნიშნული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობაში ანგარიშების (Account) დამატება, ამოშლა და მათი პაროლების წაშლა. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილია Facebook-ის მობილური აპლიკაცია, ამ წვდომის საშუალებით TikTok-ის აპლიკაციას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ Facebook-ის რომელი ანგარიში არის დარეგისტრირებული ტელეფონში. ასევე, შეუძლია ამ ანგარიშის პაროლის წაშლა. აპლიკაციისთვის მოწყობილობაში ანგარიშის დამატების ან წაშლის ფუნქციაზე წვდომის გათიშვა შეუძლებელია;

კამერა – ფოტო და ვიდეოგადაღება (Camera – take pictures and videos) – მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს კამერაზე წვდომა (სურათების და ვიდეოს გადაღება) დამატებითი დადასტურების გარეშე. მაგალითად, TikToK-ის აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობის კამერის საშუალებით ვიდეო ან ფოტოგამოსახულება ჩაიწეროს მაშინაც კი, როდესაც აპლიკაციას არ იყენებთ. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თქვენი მოწყობილობის კამერით გადაღების ფუნქციაზე წვდომის მისაღებად დამატებით შეგეკითხებათ აპლიკაციის საშუალებით ვიდეო ან ფოტოგამოსახულების პირველი გადაღების დროს. მაგალითად, როდესაც პირველად გადაწყვეტთ ამ აპლიკაციის საშუალებით ვიდეოს ჩაწერას, აპლიკაცია მოგთხოვთ მოწყობილობის კამერისა და მიკროფონის გამოყენების უფლებას. შესაბამისად, აპლიკაციას შეგიძლიათ მისცეთ, შემდგომში დამატებითი დადასტურების გარეშე, თქვენი მოწყობილობის კამერით ვიდეო და ფოტოგამოსახულების გადაღების შესაძლებლობა. აპლიკაციისთვის კამერით გადაღების ფუნქციაზე წვდომა შეიძლება გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან;

Wi-Fi კავშირის შესახებ ინფორმაცია (Wi-Fi connection information) – აღნიშნული წვდომა აპლიკაციას საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია მოწყობილობაში უკაბელო ქსელთან წვდომისა და უკაბელო მოწყობილობის დასახელების შესახებ. მაგალითად, თუ თქვენს სახლში გაქვთ უკაბელო მოწყობილობა (Wi-Fi) ინტერნეტთან კავშირისათვის, რომელსაც თქვენი მოწყობილობა უკავშირდება, TikToK-ის აპლიკაცია კითხულობს თქვენი უკაბელო მოწყობილობის დასახელებას. გარდა ამისა, მას აქვს წვდომა ყველა უკაბელო მოწყობილობის (Wi-Fi) დასახელებებთან, რომლებიც ოდესმე გამოგიყენებიათ და მათ შესახებ მონაცემები თქვენს მოწყობილობაშია შენახული. აპლიკაციისთვის თქვენი მოწყობილობის Wi-Fi კავშირის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის გათიშვა შეუძლებელია;

კონტაქტები – კონტაქტების წაკითხვა (Contacts – read your contacts) – მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია წაიკითხოს მოწყობილობაში ყველა საკონტაქტო მონაცემი. მაგალითად, თუ მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ თქვენი ნაცნობების სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები, ელ- ფოსტის მისამართები და სხვა საკონტაქტო მონაცემები, TikTok-ის აპლიკაცია კითხულობს ყველა ამ მონაცემს. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თქვენს ტელეფონში შენახულ საკონტაქტო მონაცემებზე წვდომის მისაღებად დამატებით შეგეკითხებათ თქვენს ტელეფონში შენახული კონტაქტების TikTok-ში მოძებნის დროს. შესაბამისად, შეგიძლიათ აპლიკაციას მისცეთ აღნიშნული უფლება. აპლიკაციას თქვენს ტელეფონში შენახულ საკონტაქტო მონაცემებზე წვდომა შეიძლება გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ასევე წერს, რომ აპლიკაცია აგროვებს ყველა იმ ვიდეომასალას, რომელიც პირმა ატვირთა აპლიკაციაში, ასევე ატვირთულ ვიდეოზე სხვა მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ყველა კომენტარსა და მოწონებას. ამასთან, ინახავს ყველა იმ ვიდეომასალას, რომელსაც მომხმარებელი წინასწარ ტვირთვას აპლიკაციაში და საჯაროდ ჯერ არ გამოუქვეყნებია (კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აღნიშნული მიზნად ისახავს მომხმარებლის მიერ ვიდეომასალის ატვირთვის სიჩქარის გაუმჯობესებას. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერ ან არ მოახდენს ვიდეოფაილის საბოლოოდ ატვირთვას და სხვა მომხმარებლებისთვის გაზიარებას, ვიდეომასალის აპლიკაციის შემქმნელი კომპანიის სერვერიდან წაიშლება).

„აპლიკაცია, ორივე შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს შექმნილი აქვს საკუთარი ანგარიში ან უბრალოდ იყენებს აპლიკაციას მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერების მიზნით, ავტომატურად აგროვებს მომხმარებელთან დაკავშირებულ ისეთ ტექნიკურ მონაცემებს, როგორიცაა, მაგალითად, IP მისამართი; ძებნის ისტორია; ინფორმაცია მობილური ოპერატორის, აპლიკაციის იმ ვერსიის შესახებ, რომელსაც მომხმარებელი იყენებს და სხვა. ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით აპლიკაცია იყენებს მომხმარებლის მიერ საკუთარ გვერდზე მითითებულ ინფორმაციას საცხოვრებელ რეგიონთან დაკავშირებით ან/და GPS-ს სერვისს“, – ამბობს უწყება.

რა მიზნით იყენებენ შეგროვებულ მონაცემებს და რა ვადით?

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი Tik Tok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე დაყრდნობით წერს, რომ შეგროვებული ინფორმაცია ინახება ან სინგაპურში ან აშშ-ში განთავსებულ სერვერებზე, ხოლო აღნიშნული მონაცემები ინახება იქამდე, სანამ მომხმარებელი იყენებს აპლიკაციას ან იქამდე, სანამ კომპანიას აქვს ლეგიტიმური ბიზნესინტერესი.

მომხმარებლის შესახებ შეგროვებულ მონაცემებს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ, მათ შორის, აპლიკაციის პოპულარობის ხელშეწყობისთვის.

მონაცემთა გამოყენების მიზნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აპლიკაციის საშუალებით შეგროვებულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მესამე პირებსაც:

  • სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აპლიკაციის გამართულ ფუნქციონირებას;
  • ანალიტიკური სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც, მათ შორის, აწარმოებენ მიზნობრივ რეკლამებს;
  • სარეკლამო კომპანიებს და სარეკლამო კომპანიათა ქსელებს, რომლებიც, მათ შორის, აფასებენ, აპლიკაციის რამდენმა მომხმარებელმა ნახა კონკრეტული რეკლამა, რა სახის აქტივობებს ახორციელებს მომხმარებელი აპლიკაციის ფარგლებში და სხვა ვებ-გვერდებზე (აღნიშნული შესაძლებელს ხდის მომხმარებლის ინტერესების იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეკლამის შეთავაზებას).

„კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აპლიკაციის შემქმნელი კომპანიის მიერ მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა მითითებულია, რომ ინტერნეტის საშუალებით მონაცემთა გადაცემა არასდროს არ არის აბსოლუტურად უსაფრთხო.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სხვადასხვა გზით, მაგალითად, დაშიფვრის გამოყენებით, ახდენს მონაცემთა დაცვას, ის არ იძლევა გარანტიას აპლიკაციის საშუალებით გადაცემული მონაცემების სრულ უსაფრთხოებაზე“, – წერია უწყების ბროშურაში.

TikTok ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი