ახალი ამბები

ფეისბუქი სახელმწიფო მედიების გვერდებსა და პოსტებს მონიშნავს

5 ივნისი, 2020 • 2217
ფეისბუქი სახელმწიფო მედიების გვერდებსა და პოსტებს მონიშნავს

სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ სახელმწიფოების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების პოსტებს, რეკლამებს და გვერდებს შესაბამისად მონიშნავს, იუწყება CNN.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი მარკირება გაჩნდება სახელმწიფო მედიასაშუალებებზე, როგორებიცაა რუსული „Russia Today“ და ჩინური „სინჰუა“. მარკირების ნახვის საშუალება ქსელის მომხმარებლებს შემდეგი კვირიდან ექნებათ აშშ-ში, მოგვიანებით ეს შესაძლებლობა სხვა ქვეყნებში მყოფ მომხმარებლებსაც დაემატებათ.

„ფეისბუქის“ უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი ნათანიელ გლეიჩერი CNN-ს ეუებნება, რომ ამ ნაბიჯის მიზანია, მომხმარებელს მისცეს ინფორმაცია, თუ ვისგან იღებს ინფორმაციას:

„პრობლემა ჩვენთვის ისაა, რომ სახელმწიფო მედია სახელმწიფოს სტრატეგიული მხარდაჭერით ცდილობს დღის წესრიგის დადგენას. თუ კითხულობთ პროტესტის გაშუქებას, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, ვინ წერს რეპორტაჟს და რა მოტივაცია აქვს მას. მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ საზოგადოება ნახავს და გაიგებს, ვინაა ინფორმაციის უკან“, — აცხადებს იგი.

აგრეთვე, გლეიჩერის განცხადებით, ზაფხულის ბოლოსთვის Facebook დაიწყებს აშშ-ში სახელმწიფო მედიასაშუალებებისთვის რეკლამირების აკრძალვას. მისი თქმით, მიზეზი აშშ-ში ნოემბერში ჩასატარებელი არჩევნებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი