ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში Covid-19-ის კიდევ 596 შემთხვევა გამოვლინდა

5 ივნისი, 2020 • 1372
სომხეთში Covid-19-ის კიდევ 596 შემთხვევა გამოვლინდა

5 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ჯამში, 11817 შემთხვევაა დადასტურებული, 3513 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 183 გარდაიცვალა. დანარჩენებიდან ნაწილს კლინიკებში მკურნალობენ, ნაწილი კი, ვისაც დაავადების მსუბუქი სახე აქვს, კლინიკური სექტორის გადატვირთულობის გამო, კლინიკაში არ მკურნალობს.

ნიკოლ ფაშინიანმა წინა დღეს განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება და ახლა უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციას დროულად  ვერ მოახერხებენ, რადგანაც კლინიკები გადატვირთულია.

ფაშინიანის თქმით, მთავრობის დაშვებით, „დღეს დაახლოებით 20000 ინფიცირებული ადამიანია ქვეყანაში, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან, ეს არც მათ გარშემო მყოფებმა იციან და ეს ადამიანები ხდებიან ინფექციის ძირითადი გამავრცელებლები“.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო მძიმე შედეგებისგან თავის ასარიდებლად, „ახლანდელი სიტუაცია საჭიროებს, რომ ყოველი მოქალაქე სხვებს მოეპყრას ისე, როგორც ინფექციის პოტენციურ მატარებელს“.

ეპიდემიის ხელახალი და მზარდი გავრცელების ფონზე ფაშინიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ Covid-19 დაუდასტურდა, მოქალაქეებს კვლავ მკაცრად მოუწოდებს, სოციალური დისტანცირების ნორმა და პანდემიასთან დაკავშირებული სხვა წესები დაიცვან.

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა. აპრილის დასაწყისში ახალი შემთხვევების რიცხვმა გარკვეულწილად კლება დაიწყო, თუმცა აპრილის შუა რიცხვებიდან კვლავ დაიწყო ზრდა. 4 მაისს, იმის მიუხედავად, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებული იყო, სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.

Covid-19: მორიგი ანტირეკორდი სომხეთში – „სიტუაცია უარესდება“

მასალების გადაბეჭდვის წესი