ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში სოლიდარობა გამოუცხადეს ჯორჯ ფლოიდს

5 ივნისი, 2020 • 928
ერევანში სოლიდარობა გამოუცხადეს ჯორჯ ფლოიდს

სომხეთში, ერევანში, აშშ-ის საელჩოსთან დემონსტრანტებმა გააპროტესტეს ქალაქ მინეაპოლისში შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა და სოლიდარობა გამოუცხადეს მას და მისი მკვლელობის შემდეგ დაწყებულ დემონსტრაციებსა და მოძრაობა Black Lives Matter-ს.

„შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ (Black Lives Matter), „თუ არ არსებობს სამართალი, არ არსებობს მშვიდობა“, „სომხები შავკანიანთა სამართლიანობისათვის“, — ეს ნაწილია იმ წარწერებისა, რაც დემონსტრანტების მიერ 4 ივნისის აქციაზე მიტანილ პოსტერებზე იყო დატანილი.

დემონსტრანტებმა აქციაზე ასევე მიიტანეს სია იმ ადამიანებისა, მათ შორის ძირითადად შავკანიანი ადამიანებისა, რომლებიც წლების განმავლობაში პოლიციის ქმედებებს ემსხვერპლნენ.

ფლოიდის სიკვდილს მასობრივი აქციები მოჰყვა ჯერ მინეაპოლისში, შემდეგ აშშ-ის სხვა შტატებსა და ქალაქებში. ფლოიდის მკვლელობისა და სისტემური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მალევე გასცდა აშშ-ს და არაერთი სახელმწიფო მოიცვა.

სხვადასხვა მასშტაბის აქციები გაიმართა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოებში, ევროპასა და აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. 4 ივნისს აქცია გაიმართა თბილისშიც.

“არა რასიზმს!” – ამერიკელებისა და მათი მეგობრების აქცია თბილისში

46 წლის ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში 25 მაისს მოკლეს. პოლიციის განცხადებით, ისინი გამოიძახეს „მაღაზიაში ყალბი კუპიურის გამოყენების ფაქტზე“ და ადგილზე მისვლისას ფლოიდის დაკავება დაიწყეს.

დაკავებისას, პოლიციის მანქანასთან, სამართალდამცავებმა იგი ძირს დააწვინეს; ერთ-ერთმა მათგანმა, დერეკ ჩაუვინმა ყელზე მუხლი დაადო. „ვეღარ ვსუნთქვავ“, „მომკლავენ“, – ისმის ჯორჯ ფლოიდის ხმა მკვლელობის ამსახველ ვიდეოში. მრავალჯერ გამეორებული თხოვნის მიუხედავად, პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში კისერზე მუხლით აწვებოდა. ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება დაადასტურეს.

ფლოიდის დაკავებაში მონაწილე 3 პოლიციელს ბრალი 4 ივნისს წარედგინა; პირველს კი, რომელმაც მას ყელზე მუხლი დააჭირა, ბრალი დაუმძიმდა. კერძოდ, დერეკ ჩაუვინს, ვინც ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა, მესამე ხარისხის ნაცვლად მეორე ხარისხის მკვლელობას ედავებიან, დანარჩენ სამ ოფიცერს კი ბრალი ედებათ მკვლელობის დახმარებასა და წაქეზებაში.


გარეკანის ფოტო: Photolure

მასალების გადაბეჭდვის წესი