ახალი ამბები

მოვუწოდებთ “ფრონტერას”, დროულად შეასრულოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება – თურნავა

4 ივნისი, 2020 • 1549
მოვუწოდებთ “ფრონტერას”, დროულად შეასრულოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკულ კომპანია “ფრონტერას” საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ეს დავა მოიგო. დღეს, 4 ივნისს, თურნავამ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენაც მოუწოდა:

“ჩვენ კომპანია “ფორნტერას” ყველა განცხადებას ვპასუხობთ სრული სიმშვიდითა და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. საერთაშორისო არბიტრაჟში დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ “ფრონტერას”, დროულად შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო. თუ გაქვთ სურვილი, მეტი ინფორმაცია შეიტყოთ და სიმართლე ამის შესახებ, მოდით, მოვუწოდოთ “ფრონტერას” გაასაჯაროოს ის გადაწყვეტილება, რაც არიბტრაჟმა მიიღო.”

დღეს კომპანიამ გაავრცელა 2 ივნისს პრემიერისთვის მიწერილი წერილი, სადაც გიორგი გახარიას თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რაც “ფრონტერას” განცხადებით, “წამახალისებელი სიგნალი იქნება ამერიკული კომპანიებისთვის”. წერილში “ფრონტერა” მთავრობას აკრიტიკებს ქვეყანაში გაუარესებული საინვესტიციო გარემოს გამო და აცხადებს, რომ 2013 წლიდან საქართველოში ანტიამერიკული განწყობები იზრდება.

“2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ-ის მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს” ,- წერს “ფრონტერას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სტივ ნიკანდროსი.

გახარიასთვის გაგზავნილ წერილში ასევე საუბარია “როსნეფტზე”, რომელიც “ფრონტერას” შეფასებით, 2013 წლიდან საქართველოში დაუსჯელად საქმიანობს აშშ-ის სანქციებისა და ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევის მიუხედავად. კომპანიის ცნობითვე, “როსნეფტს” მიეცა უფლება დაფუძნებულიყო ფოთის პორტში, ნავთობის ტრეიდინგისა და საწვავის
დისტრიბუციის სტრუქტურებში.

“ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ ცნო. რატომ?”

ბუნებრივი გაზის იმპორტის ფავორიტული პირობები მიენიჭათ Gazprom-ს და SOCAR-ს, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზის იმპორტთან დაკავშირებით. ამავე დროს კი ფრონტერას მცდელობა რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც შეეძლო უფრო იაფი და კონკურენტული გაზი მიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმების, სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციას და ექსპროპრიაციას. რატომ?”-ნათქვამია წერილში.

გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში ასევე საუბარია ჩინურ კომპანია CEFC-ზე, რომელსაც “ფრონტერას” ინფორმაციით, ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში 75% იანი საკონტროლო პაკეტი გადაეცა. მათივე ცნობით, კომპანიამ ვეღარ განახორციელა $ 150 მილიონის საინვესტიციო ვალდებულება, რასაც საქართველოს მხრიდან ჯარიმა ან რაიმე სანქცია არ მოჰყოლია.
“თქვენ კი საჯაროდ მოიხსენიეთ ფრონტერა როგორც „არაკეთილსინდისიერი კომპანია“ და ეს მაშინ, როცა ფრონტერამ $500 მილიონზე მეტის ინვესტირება განახორციელა საქართველოში, მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა.
თანაც ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს. რატომ?

ახლა როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება ფრონტერას წინააღმდეგ დასრულდა, იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული სულისკვეთებით დავხურავთ ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს”,-ნათქვამია წერილში.


პრემიერი საუბრობს ნავთოკომპანია ფრონტერასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე დავაზე, რომელზეც ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ წარმატებით დაასრულა. ფრონტერა კი ამტკიცებს, რომ მთავრობა ცრუობს და შედეგეით ისინიც კმაყოფილები არიან. ქართული მხარე ასევე აცხადებს, რომ მზადაა, გაასაჯაროოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუმცა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ამის უფლება ამ ეტაპზე არა აქვს და უკვე მიმართეს კომპანიას შედეგების გასაჯაროვებაზე თანხმობის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი