ახალი ამბები

ზუსტად ვიცი, რეგლამენტი არ დამირღვევია – ტიკარაძე პარლამენტში არმისვლაზე

4 ივნისი, 2020 • 1310
ზუსტად ვიცი, რეგლამენტი არ დამირღვევია – ტიკარაძე პარლამენტში არმისვლაზე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ პარლამენტში მოსმენის გადავადების მოთხოვნით, მას პარლამენტის რეგლამენტი არ დაურღვევია.

ტიკარაძე კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ დაიბარა. მან 18 მაისს დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა, რათა უზრუნველეყო ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლა.

თუმცა 2 დღის წინ ტიკარაძემ საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლომდე გადავადება ითხოვა.

„პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა – პოლიტიკური შოუ.

მე, არა როგორც მხოლოდ მინისტრი, ზოგადად, როგორც მოქალაქე, ვარ ძალიან პასუხისმგებლიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი. აქედან გამომდინარე, მე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან. შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.


ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ დაიბარა. მან 18 მაისს დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა, რათა უზრუნველეყო ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლა. ეკატერინე ტიკარაძეს ოთხ საკითხზე მოუწევდა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა. მათ შორისაა 520-ე დადგენილება,  Covid-19-ის ეპიდსიტუაციის საპროგნოზის სცენარები, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორების მზაობა Covid 19-ის ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით და სოციალური მუშაკების გათავისუფლების საკითხი.

გუშინ დიმიტრი ხუნდაძისთვის მიწერილ წერილში ტიკარაძემ საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლომდე გადავადება ითხოვა.

პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის თანხმად, მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე.

კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველსავე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.

ტიკარაძე პარლამენტში მოსმენის ივნისის ბოლომდე გადავადებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი