ახალი ამბები

სწორი მოლაპარაკებების შემთხვევაში გარეჯის პრობლემის მოგვარება სამაგალითოდ იქცევა – ბაქრაძე

3 ივნისი, 2020 • 1915
სწორი მოლაპარაკებების შემთხვევაში გარეჯის პრობლემის მოგვარება სამაგალითოდ იქცევა – ბაქრაძე

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების სწორად წარმართვის შემთხვევაში შესაძლებელია, დავითგარეჯის სასაზღვრო პრობლემების მოგვარება რეგიონისთვის სამაგალითოდ იქცეს.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ბოლო დროს უდაბნოს მონასტრის ქვეშ, ფერდობზე გაჩენილი უზარმაზარი წარწერა აზერბაიჯანულ ენაზე „სამშობლო ჩემი გულია“, შეიძლება, განხილული იქნას როგორც გამწვავებისკენ გადადგმული ნაბიჯი. პრობლემა ახალი არ არის. ის დროდადრო იჩენს ხოლმე თავს. 2012 წელსაც ჰქონდა ადგილი მსგავს გამწვავებას, რომელიც ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეთანხმების შედეგად მოიხსნა, მაგრამ მხოლოდ დროებით”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ყარაიას ველი საბჭოთა აზერბაიჯანს საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ გადასცა გასული საუკუნის 20-იან წლებში, 70-იან და 80-იან წლებში კი საბჭოთა საქართველო ცდილობდა, საბჭოთა აზერბაიჯანთან ტერიტორიის გაცვლით გადაეჭრა გარეჯის საკითხი.

“ეს საკითხი მაშინ, პირველ რიგში, ეხებოდა ბერთუბნის მონასტერს, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 7 კილომეტრში მდებარეობს და დღეს აღარც განიხილება. სამწუხაროა ისიც, რომ ქართველ სპეციალისტებს, მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ ეძლევათ საშუალება ნახონ, რა მდგომარეობაშია დღეს ბერთუბნის მონასტრის ნანგრევები, რომლის ფრესკებზეც
თამარ მეფე და ლაშა გიორგია გამოსახული. თანამშრომლობაზე უარის თქმას და დაძაბულობას ხელს უწყობს აზერბაიჯანის მხრიდან დავით გარეჯის მთელი კომპლექსის (აზერბაიჯანული სახელი Keşikçidağ/კეშიქჩიდაღ) ალბანურ ძეგლად გამოცხადება და კავკასიის ალბანეთის ისტორიისა და კულტურისთვის მისაკუთრების მცდელობა. საქმე ეხება ისტორიის ინსტრუმენტალიზაციას, რომელიც კავკასიის ქვეყნებისთვის ტიპურ მოვლენად იქცა”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ბაქრაძე იხსენებს, რომ ახალი გამწვავება დავითგარეჯის საკითხის ირგვლივ დაიწყო 2019 წლის თებერვალში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში, და იმავე წლის აპრილში, როდესაც ქართველი სამხედროების თანხლებით, პრეზიდენტი გარეჯს სტუმრობდა. ამის შემდეგ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მხრიდან აღარც სასულიერო და აღარც სამოქალაქო პირებს უშვებენ უდაბნოს მონასტრისა და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით. ის ფაქტი, რომ საზოგადოებას არ მიეწოდება ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბაქრაძის აზრით, ხელს უწყობს დაძაბულობის ზრდას ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის სასიკეთოს არაფერს მოიტანს, მაგრამ ხელს აძლევს დესტაბილიზაციით დაინტერესებულ მესამე მხარეს.

“საკითხის მოგვარება შესაძლებელი უნდა გახდეს ორივე მხარის მიერ კეთილი ნების გამოჩენით, ინტენსიური და საქმიანი მოლაპარაკებების საფუძველზე, ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისის მიღწევით. თუ მოლაპარაკება სწორად წარიმართება, ჩვენს ორ ქვეყანას შეუძლია, სწორედ დავით გარეჯის მიმდებარედ სასაზღვრო პრობლემების მოგვარება სამაგალითოდ აქციოს რეგიონისთვის, აჩვენოს, როგორ შეიძლება ყველასთვის მომგებიანი შედეგების მიღება და დაამტკიცოს, რომ კულტურა და ისტორია კი არ გვყოფს, არამედ გვაერთიანებს”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი