ახალი ამბები

ძველი ბათუმის ჭრელი ამბები | სულხან სალაძის ბლოგი

4 ივნისი, 2020 • 2491
ძველი ბათუმის ჭრელი ამბები | სულხან სალაძის ბლოგი

ავტორი: სულხან სალაძე

XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ბათუმი თვალსა და ხელს შუა შეიცვალა. ქალაქი საოცრად ჭრელი და მრავალფეროვანი გახდა.

1878 წლიდან მოყოლებული ყველა ბათუმს მიაწყდა. დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ როგორ მოხვდებოდა ქალაქში. ევროპელები უმეტესად გემს ირჩევდნენ, დანარჩენები – ზოგი მატარებელს, ზოგი კი-ცხენს.

ვის არ ნახავდით იმდროინდელ ბათუმში: მესხეთიდან მოსული ქართველი კათოლიკეები, ზემო და ქვემო აჭარიდან ჩამოსული ყაბალახიანი ქართველი მუსლიმები, გურულები, იმერლები, გავლენიანი და დიდი ფულის მქონე თბილისელი და ართვინელი სომხები, რუსები, თურქები, ებრაელები. ბათუმში იყო ევროპაც – ფრანგები, ინგლისელები, გერმანელები… სერგეი მესხს რომ დავესესხოთ, ბათუმის „პორტო-ფრანკოდ“ გამოცხადების შემდეგ – „დიდძალი ხალხი ჩამოვიდა აქ… სულ ვაჭრები არიან. ყველა აქ მოელის გაკეთებას. დარბიან, დაცმაცურობენ, ჰყვირიან, ჩურჩულებენ, დილიდან-საღამომდინ აქა-იქ დაძვრებიან, სამაღაზიო, სასტუმრო, სადუქნო სახლებს ქირაობენ, ადგილებს ყიდულობენ, „საქმეს“ ეძებენ“.

1888 წლის აპრილიდან მოყოლებული ბათუმი თვითმმართველი ქალაქის სტატუსს ატარებდა უკვე. რკინიგზა და მატარებელიც დიდი ხნის შემოსული იყო და ყოველდღიურად ბათუმის პორტში სხვადასხვა ქვეყნის უამრავი, დიდი თუ პატარა გემი ირეოდა.

საქვეყნოდ ცნობილი კომერსანტები, ძმები ნობელები და ალფონს როტშილდი ბაქოს ნავთობს ეზიდებოდნენ ბათუმიდან. ნობელებს და როტშილდს მოჰყვნენ მანთაშევი, პალაშკოვსკი, სიდერიდისი და რიხნერი. ქალაქის ერთ ნაწილში, ნავსადგურის გაყოლებაზე, ქართულ ენასთან ერთად, რუსულ, სომხურ, თურქულ, ბერძნულ, ინგლისურ, გერმანულ, თუ ფრანგულ ენაზე საუბრის მოსმენა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ქალაქის მეორე ნაწილში კი სხვა რამ იყო მნიშვნელოვანი – გერმანელი რესლერი და ფრანგი დ’ალფონსი ბათუმის ბულვარს აშენებდნენ.

ჯერ კიდევ 1885 წელს ბათუმში მყოფი ფრანგი ორიენტალისტი ჟან მურიე, ბათუმის, როგორც ევროპული ქალაქის იერს უსვამდა ხაზს. მისივე ცნობით, 1885 წლისთვის ბათუმში ცხრა ქვეყნის: საფრანგეთის, ინგლისის, ესპანეთის, თურქეთის, გერმანის, ავსტრია-უნგრეთის, ბელგიის, იტალიის და აშშ-ის საკონსულო მოქმედებდა. სულ მალე ამ ჩამონათვალს დაემატა საბერძნეთი, ნიდერლანდები, იაპონია, სპარსეთი, დანია, შვედეთი და ნორვეგია. კიდევ უფრო მეტი იყო სანაოსნო-საექსპორტო კომპანიების და მათი სააგენტოების რაოდენობა. როგორც ჩვენში იტყვიან – ქალაქი თავის თავს აღარ ჰგავდა.

ევროპის საქმიან და გავლენიან წრეებში ყველამ ყველაფერი იცოდა ბათუმის შესახებ. საერთოდაც, ძალიან ძნელია იმდროინდელ საქართველოში სხვა, მეორე ქალაქის გახსენება, რომელიც ისე სწრაფად ვითარდებოდა, როგორც ბათუმი, და იმავდროულად, საოცრად ჭრელი იყო ეთნიკური, რელიგიური, თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით. სწორედ ეს სიჭრელე და მრავალფეროვნება უნდა ყოფილიყო ბათუმის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მაშინდელი მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ბათუმში ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ – სომხები, რუსები, ებრაელები და ბერძნები. ჭრელი იყო რელიგიური შემადგენლობაც – მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები, მუსლიმები, იუდეველები…

ამ ფონზე შვეიცარიელი ბოტანიკოსის – ემილ ლევიეს და მისი თანმხლები სტეფანე სომიეს ბათუმში ჩამოსვლა დიდი არაფერი გასაკვირი ამბავია. ოღონდ ის, თუ როგორი იყო ემილ ლევიეს თვალით დანახული მრავალფეროვანი ბათუმი, ცოტა ვინმემ თუ იცის ჩვენში.

1890 წლის 17 ივნისის საღამო იდგა, როდესაც ემილ ლევიემ და სტეფანე სომიემ, იტალიური ფლორენციიდან დაწყებული ოცდღიანი მგზავრობის შემდეგ, ბათუმის მიწაზე დადგეს ფეხი. პირველი შთაბეჭდილება მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც ლევიე ამბობს, ბათუმმა იტალიის ქალაქი – ტურინი მოაგონა. იქაც და აქაც ოთხკუთხა შენობები ყოფილა. ოღონდ, ტურინისგან განსხვავებით, ბათუმში შენობათა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

მართალია, ზუსტად არ ვიცით ის სასტუმრო, სადაც ბათუმში ყოფნისას ბატონი ლევიე და მისი თანხმლები დაბინავდნენ, თუმცა ამოცნობა არც ისე რთული უნდა იყოს. მინიშნება ისევ ლევიეს ჩანაწერებშია – „აქ მართლ-მადიდებელთა ეკლესიაც არის და თათრების ჯამეც. აი ჩემი ფანჯრის პირდაპირ ერთი მოლა გადმომდგარა და მართლმორწმუნეთ სალოცავად იწვევს“. მაშინდელი ჭრელი ბათუმის პირველი კლასის სასტუმროების უმრავლესობა სანაპიროსა და მიხეილის (დღევანდელი ზვიად გამსახურდიას) ქუჩის გაყოლებაზე იდგა. მიხეილის ქუჩით აზიზიეს მეჩეთთან მოხვდებოდით. ქუჩიდან ერთი ხელის გაწვდენაზე იყო წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნული ეკლესიაც. ეკლესიასა და მეჩეთს შორის, ყველაზე ახლოს კი, პირველი კლასის სასტუმრო  DE FRANCE იყო. სავარაუდოდ, სწორედ DE FRANCE-ში უნდა ეცხოვრა შვეიცარიელ ბოტანიკოსს. ევროპული ყაიდის სასტუმროსა და მეჩეთის სიახლოვეს 1887 წლის ბათუმის ეს გრავიურაც მოწმობს.

ემილ ლევიეს ბათუმურ თავგადასავალს რომ მივუბრუნდეთ, ბათუმში ცხოვრების შთაბეჭდილებებს შორის არის ჩანაწერი – „მცხოვრებთ რო ვუკვირდებით, ასე გვგონია, ევროპაში ვართ მეთქი“ და იქვე ხაზს უსვამს ბათუმის ქართველობის ჩაცმის სტილს. ხალათისმაგვარი გრძელი ტანისამოსი, რომელიც წელთან მოწეული იყო და გულთან ჯიბეები ჰქონდა. წელზე კი ყველას ხანჯალი ერტყა. სანაპიროზე მოსეირნე მანდილოსნების ერთი ნაწილი ჩადრის გარეშე, როგორც მაშინ იტყოდნენ – „გაევროპიელებულნი“  იყვნენ. მეორე ნაწილი კი შავი ლენტებით გაწყობილი თავსაბურავებით გადაადგილებოდა ქალაქში. შვეიცარიელის ეს აღწერა იმდროინდელი მრავალფეროვანი ბათუმის ნათელი სურათია. ისევე, როგორც ნავთით განათებული ქალაქი და ნავთობის რეზერვუარებით სავსე ბათუმი.

ბათუმში ყოფნის დროს შვეიცარიელი ბოტანიკოსის შეხვედრა იტალიის და ინგლისის კონსულებთან მოულოდნელი ამბავი სულაც არ იყო. თუმცა იტალიელი კონსულის თანამშრომლის ქართულის ცოდნით ნამდვილად განცვიფრებული დარჩა შვეიცარიელი ბოტანიკოსი. ბათუმში მცხოვრებმა იტალიელმა არა მარტო ქართული ენა იცოდა, არამედ კარგად იცნობდა ქალაქს და მის შემოგარენს. სწორედ კონსულის იტალიელმა თანამშრომელმა მოატარა ლევიე თამარის ციხესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოგვიანებით კი ქვემო და ზემო აჭარაშიც გაჰყვა სამოგზაუროდ.

1890 წლის 20 ივნისს, ბათუმში ყოფნის მეოთხე დღეს, ემილ ლევიემ და სტეფანე სომიემ ბათუმიდან გამგზავრება და ქვემო და ზემო აჭარის მონახულება გადაწყვიტეს. იმოგზაურეს კიდეც.

შვეიცარიელი ბოტანიკოსი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც XIX საუკუნის ბოლოს ბათუმში იმოგზაურა და ბათუმური ცხოვრების მრავალფეროვნება ნახა. ქალაქის ყველასგან განსხავებულ იერს სხვა ბევრი მოგზაურის ჩანაწერებში შეხვდებით კიდევ. დღევანდელი ბათუმიც იმ ძველი, საოცრად ჭრელი ბათუმის გაგრძელებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი