ახალი ამბები

4 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

3 ივნისი, 2020 • 1221
4 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

4 ივნისს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყება.

კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო, საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში  გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილებით, სატელევიზიო ფორმატში ორი განხილვა შედგება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება. შეხვედრები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. საკონსტიტუციო კომისიის წევრები ინტერაქციული კომუნიკაციის რეჟიმში საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხებენ.

პირველი შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში 4 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება. ბათუმში, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში კი საყოველთაო-სახალხო განხილვა დაგეგმილია 13 ივნისს, 21:00 საათზე.

საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე), საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები: ირმა ინაშვილი და სერგი კაპანაძე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე და თინათინ ბოკუჩავა, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები: თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი. თუმცა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

საქართველოს პარლამენტში 85 დეპუტატის მიერ ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერის პირობებში, ხოლო პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები 120/30-ზე თანაფარდობით გადანაწილდება.

კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საორგანიზაციო კომისია 17 მარტს შეიქმნა, თუმცა კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა საგანგებო მდგომაროების გამო შეჩერდა. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის გათვალისწინებულია 1-თვიანი ვადა, რის შემდეგაც კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვები, ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, რაც დეპუტატებს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის საშუალებას 21 ივნისისთვის მისცემს. კობახიძის აზრით, კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვა პარლამენტში 29 ივნისს დასრულდება.

ამ თემაზე:

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი