ახალი ამბები

ჯაფარიძე არ გამორიცხავს ოპოზიციასთან თანამშრომლობას მაჟორიტარების საკითხზე

3 ივნისი, 2020 • 1202
ჯაფარიძე არ გამორიცხავს ოპოზიციასთან თანამშრომლობას მაჟორიტარების საკითხზე

მოძრაობის “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, არ გამორიცხავს ოპოზიციასთან თანამშრომლობას მაჟორიტარულ ოლქებში “ეფექტური კანდიდატის” შერჩევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, “ლელოს” საკუთარი კანდიდატი ყველა ოლქში ეყოლება, თუმცა ეს კონსულტაციებს არ გამორიცხავს.

“საზოგადოდ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია, დამარცხდეს “ქართული ოცნების” მაჟორიტარული კანდიდატი. ასევე ვფიქრობთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნება, თუ გვეყოლება “ლელო-საქართველოსთვის” , ჩვენი კანდიდატი, ძლიერი, გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანი.

თუმცა სხვა ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებთან საუბარში თუ გამოიკვეთება, რომ უფრო ეფექტური, უფრო სწორი, იმისათვის, რომ მიღწეული  იქნას საერთო მიზანი და დამარცხდეს “ქართული ოცნების” კანდიდატი, იქნება სხვა გადაწყვეტილება, უფრო მიზანშეწონილი ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში და, პირველ რიგში, ვსაუბრობთ თბილისზე, რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ და გავცვალოთ არგუმენტები.

ერთი მხრივ, ვარჩევთ ძლიერ კანდიდატებს, მეორე მხრივ, დიალოგში ვართ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან, რომ მივიდეთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე და უზრუნველყოფილი იყოს “ქართული ოცნების კანდიდატის დამარცხება”, – აღნიშნა მან “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას.

წამყვანის კითხვას, რა შეიცვალა “ლელოს” პოლიტიკაში და რატომ აღარ გამორიცხავს მოძრაობა გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას, ჯაფარიძემ უპასუხა:

“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ვასახელებთ ყველგან მაჟორიტარულ კანდიდატებს, ლელო საქართველოსთვის ეყოლება ყველა მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარული კანდიდატი. თან, ამავდროულად, ვამბობდით, რომ მუდმივად ვართ კოორდინაციაში და დიალოგში ოპოზიციონერ კოლეგებთან…

შეიძლება, შევჯერდეთ, შეიძლება, ჩვენს კანდიდატურაზე შევჯერდეთ და ის იყოს საერთო კანდიდატი. ჩვენ ხომ არ ვიცით? აქედან გამომდინარე, ერთი მეორეს არ გამორიცხავს”.

ამავე თემაზე

რატომ დაიწყო ოპოზიციაში დისკუსია II ტურებში კოორდინაციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი