ახალი ამბები

გვაცადონ, ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბოთ, პრო-სადაური პარტია ვართ, ჩვენს მაგივრად ნუ ისაუბრებენ – ბიწაძე ვაშაძეს პასუხობს

2 ივნისი, 2020 • 1265
გვაცადონ, ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბოთ, პრო-სადაური პარტია ვართ, ჩვენს მაგივრად ნუ ისაუბრებენ – ბიწაძე ვაშაძეს პასუხობს

ანზორ ბიწაძემ, ნინო ბურჯანაძის შვილმა და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, „ტვ პირველის“ ეთერში უპასუხა „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ნინო ნურჯანაძესთან საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების საკითხი არ განხილულა.

„ჩვენ იმ მაგიდაზე ვისხედით აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლებიც ვითხოვდით საარჩევნო სისტემის დემოკრატიზაციას იმისთვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მე კოალიციაში ვერასდროს ვიქნები პრორუსულ პარტიებთან. დანარჩენ პროდასავლურ პარტიებთან ყველასთან მექნება მსჯელობა”, – განაცხადა ვაშაძემ.

ბიწაძის განცხადებით, პარტია თავად ჩამოყალიბდება, „პრო-სადაურია“, ხოლო ვაშაძის განცხადება „ნაუცბათევია“.

„პირველ რიგში, ყველა კოლეგას მინდა მოვუწოდო, მოდით, ჩვენ თვითონ გვაცადონ, ჩამოვაყალიბოთ პრო-სადაური და როგორი პარტია ვართ, ჩვენს მაგივრად ნუ ისაუბრებენ. რაც შეეხება იმას, რომ ერთ-ერთმა კონკრეტულმა ლიდერმა განაცხადა, რომ არ უნდა მხარი დაუჭიროს კანდიდატებს, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ მაჟორიტარულ ოლქებში, ვფიქრობ, ეს რაღაც ნაუცბათევი განცხადებაა და გამოწვეულია შიდა არეულობით, რომელიც აღნიშნულ ბლოკში იქნა გამოწვეული მისი მოქმედებების მიერ გუშინ და გუშინწინ.

არ ვიტყოდი, რომ რაღაც პრობლემები შეიძლება იყოს, მიმდინარეობდა კონსულტაციები ძალიან ბევრ ოპოზიციონერ კოლეგასთან და სავარაუდოდ არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ იქნება. ასე რომ, პასუხი იქნება ამ განცხადებაზე ერთადერთი — ნუ ავჩქარდებით, სიჩქარე საქმეს ძალიან ხშირად აფუჭებს ხოლმე, მით უმეტეს, მაშინ, როცა ასეთ მძიმე საარჩევნო კამპანიაში შედის ქვეყანა და ასეთი კრიზისული სიტუაციაა. ასე რომ, კარგი იქნება, ყველა კოლეგა თუ კარგად აწონ-დაწონის, არ იჩქარებს, ცოტა უფრო დინჯად მიუდგება აღნიშნულ საკითხებს“, — აღნიშნავს ბიწაძე.

ამავე თემაზე:

საერთო მაჟორიტარებზე პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობა არც განხილულა – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი