ახალი ამბები

საერთო მაჟორიტარებზე პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობა არც განხილულა – ვაშაძე

2 ივნისი, 2020 • 1096
საერთო მაჟორიტარებზე პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობა არც განხილულა – ვაშაძე

“მაჟორიტარულ სისტემაში პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობა საერთოდ არც განხილულა”, – ასე გამოეხმაურა “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე საერთო მაჟორიტარებზე ნინო ბურჯანაძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

“ჩვენ იმ მაგიდაზე ვისხედით აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლებიც ვითხოვდით საარჩევნო სისტემის დემოკრატიზაციას იმისთვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მე კოალიციაში ვერასდროს ვიქნები პრორუსულ პარტიებთან. დანარჩენ პროდასავლურ პარტიებთან ყველასთან მექნება მსჯელობა”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი მტკიცებით, ნინო ნურჯანაძესთან არ განხილულა საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების საკითხი.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, რომ ოპოზიციაში მაჟორიტარებზე ყველა ოლქში შეთანხმება ვერ მოხდება, რადგან არის ოლქები, სადაც შეიძლება რამდენიმე პარტიის ინტერესი ისე დაემთხვეს ერთმანეთს, რომ შეუძლებელი იყოს შეთანხმება.

“ჯობია, რომ იყოს კოორდინირება მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ამიტომ სასურველია, რომ არ ჩაიშალოს ეს მოლაპარაკება და ძირითად ნაწილში ოლქებისა მოხდეს შეთანხმება. ყველა ოლქში შეთანხმება ვერ მოხდება, ბუნებრივია, იმიტომ, რომ არის ოლქები, სადაც შეიძლება რამდენიმე პარტიის ინტერესი ისე დაემთხვეს ერთმანეთს, რომ შეუძლებელი იყოს შეთანხმება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ამბობს,რომ  ოპოზიციაში მეტ-ნაკლებად მიღწეულია თბილისში საერთო მაჟორიტარებზე პირველადი შეთანხმება, თუმცა რეგიონებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი