ახალი ამბები

ნუ შევიტანთ დისონანსს ოპოზიციურ გაერთიანებაში – ვაშაძის მოწოდება

2 ივნისი, 2020 • 1494
ნუ შევიტანთ დისონანსს ოპოზიციურ გაერთიანებაში – ვაშაძის მოწოდება

“პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ოპოზიციის ერთობას აზიანებს”,  – განაცხადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ, რაც ოპოზიციური გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ განიხილება.

მანამდე პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად ხედავდა გიორგი ვაშაძეს.

“ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები და მინდა ყველა დავამშვიდო, ვერც ერთ შემთხვევაში ასეთი განცხადებები დისონანსს ვერ შეიტანს ოპოზიციის ერთობაში. მე ჩემი კანდიდატურა [პრემიერად] ჯერ არ დამიყენებია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში. ეს იყო თაკო ჩარკვიანის პერსონალური მოსაზრება, დიდი მადლობა მას შეფასებისთის, მაგრამ ახლა პრემიერობის განხილვის დრო არ არის. ხვალ და ზეგ დადგება.  ვფიქრობ, “ძალა ერთობაშიას” აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატიც და დაასახელოს გუნდიც. შერჩევა  უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიით, პრაიმერის ან საზოგადოებრივი აზრის კვლევის გზით. მექანიზმებზე უნდა შევთანხმდეთ. ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში, ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენს მტერს უნდა”, – განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ არ დაუშვებს ერთიანობის დარღვევას.

ამასთან, ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას შესთავაზებს ოპოზიციას.

“ჩვენ მოგვიწევს საერთო კანდიდატურის განხილვა, ამ კანდიდატურის შერჩევის  მექანზიმებზე განხილვა და ამის მერე ყველა გადავწყვეტთ, მე ვაყენებ თუ არა ჩემს კანდიდატურას ჩემს გუნდთან ერთად და სხვა აყენებს თუ არა”, – აღნიშნა მან.

ვაშაძის ხედვით, “ძალა ერთობაშია” უნდა შეთანხმდეს საერთო კამპანიის სტრატეგიაზე და გუნდზე, ხოლო უფრო ფართო ოპოზიციურ გაერთიანებაში შეთანხმება უნდა შედგეს პირველივე ტურში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებაზე. ვაშაძე აცხადებს, რომ მეორე ტურზე სტრატეგიის აგება შეცდომა იქნება და სხვა ალტერნატივას, გარდა ოპოზიციური ერთიანობისა, არ განიხილავს.

გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არ განიხილება — უდუმაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი