ახალი ამბები

თენგიზ ცერცვაძის წერილი ექიმ თამარ ჟამურაშვილს და მისი პასუხი

2 ივნისი, 2020 • 3487
თენგიზ ცერცვაძის წერილი ექიმ თამარ ჟამურაშვილს და მისი პასუხი
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმის, თამარ ჟამურაშვილის საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნა. წერილში ცერცვაძე ჟამურაშვილს აკრიტიკებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორთან დაკავშირებით გამოთქმული უარყოფითი შეფასების გამო და აცხადებს, რომ მისი პოზიცია “ჩასაფრებული” ადამიანის პოზიციაა. თენგიზ ცერცვაძის საპასუხო წერილი ნეტგაზეთს გამოუგზავნა ჟამურაშვილმაც. გთავაზობთ ორივე წერილს.

თენგიზ ცერცვაძის წერილი

ა.წ. 22 მაისს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინტერვიუ გერმანიაში მომუშავე ქართველ ექიმთან, ქ-ნ თამარ ჟამურაშვილთან ინტერვიუს წამძღვარებული აქვს წინასიტყვაობა, რომ „თამარი გერმანიის გარდა საქართველოზეც ფიქრობს და ამბობს, რომ დრო, როცა მთელი ქვეყნის მოსახლეობა რეკომენდაციებს ასრულებდა და სახლში რჩებოდა, საქართველოს სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად არ ყოფილა გამოყენებული და თუ შემოდგომისთვის მაინც არ დავიჭერთ თადარიგს, მეორე ჯერზეც გამართლების იმედად მოგვიწევს ყოფნა“ .

რატომღაც, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ერთი ტენდენცია. უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ექიმების ნაწილი,საბედნიეროდ მხოლოდ ერთი ნაწილი, ცდილობს დააკნინოს და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინოს ქართული მედიცინა და მისი მიღწევები. არადა, ეს ყოველთვის სამართლიანი არ არის. მართალია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერია და ბევრად უფრო ძლიერი და გამართული ჯანდაცვის სისტემაც აქვთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართულ მედიცინაში არაფერი ღირებული არ არის, მაღალი დონის სპეციალისტები არა გვყავს და ა.შ. არაიშვიათად, უცხოეთში სამუშაოდ წასული ექიმები სულაც არ გამოირჩევიან მაღალი დონით და თავიანთი ცოდნით და პროფესიონალიზმით არაფრით სჯობიან ქართველ კოლეგებს.

ვფიქრობთ, ქ-ნი თამარი, ბ-ნი იაგო ფრანგიშვილის და სხვა მსგავსი ექსპონატებისაგან განსხვავებით, ნამდვილად კარგი პროფესიონალია. იგი კარგად აღწერს გერმანიის ჯანდაცვის სისტემის COVID-19-თან საპასუხო ღონისძიებების მაღალ დონეს და ეფექტიანობას და ასევე ობიექტურად აფასებს და კარგ შეფასებას აძლევს საქართველოს ეპიდსაწინააღმდეგო სამსახურის მუშაობას, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო უკიდურესად ნეგატიურად და თან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აფასებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს და უაპელაციოდ ამბობს, „გაგვიმართლა, ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ცოტა რაოდენობის კრიტიკული შემთხვევები გვქონდა“, თორემ შავ დღეში აღმოვჩნდებოდითო. ქ-ნი თამარი ხაზს უსვამს აგრეთვე საქართველოში მედპერსონალის ინფიცირების დიდ რაოდენობას, რასაც ასევე ჰოსპიტალური სექტორის მომზადების დაბალი დონით ხსნის.

მე მინდა შევახსენო ქ-ნ თამარს ზოგიერთი ციფრები:

გერმანიას, რომელიც მართლაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება ევროპაში COVID-19-თან ბრძოლის საქმეში, სადღეისოდ ჰყავს 183 294 COVID-19-ით ავადმყოფი და 8 600 გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 4,69%-ს შეადგენს. საქართველოს ჰყავს 783 ავადმყოფი და მხოლოდ 12 (თორმეტი) გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 1,53%-ს შეადგენს. თუ ამ ციფრებს გადავიანგარიშებთ ერთ მილიონ მოსახლეზე, მივიღებთ, რომ გერმანიას ჰყავს 2 208 COVID-19-ით ავადმყოფი და – 104 გარდაცვლილი, ხოლო საქართველოს ჰყავს 196 COVID-19-ით ავადმყოფი (11-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას) და მხოლოდ 3 გარდაცვლილი (34-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას). სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოზე შეუდარებლად უფრო ძლიერ გერმანიას რეალურად ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველოზე 11-ჯერ მეტი COVID-19-ით ავადმყოფი და 34-ჯერ მეტი გარდაცვლილი ჰყავს. აღარაფერს ვამბობ ევროპის იმ ქვეყნებზე (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და სხვა), სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 10-დან 19%-მდეა.

რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, საქართველოს მართლაც ჰყავს 96 COVID-19-ით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი (ერთ მილიონ მოსახლეზე 24). მაშინ, როცა გერმანიას 10 000-ზე მეტი ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი ჰყავს (ერთ მილიონ მოსახლეზე 120-ზე მეტი). ანუ, საქართველოზე, სულ ცოტა, 5-ჯერ მეტი. ეს მაშინ, როდესაც გერმანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეუდარებლად უფრო ძლიერია. აი, ამას ჰქვია, რომ „კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევსო“. გერმანიასთან შედარებას რომ თავი დავანებოთ, ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში მედპერსონალზე მოდის COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევის დააახლოებით 20%. მაშინ, როდესაც საქართველოში ინფიცირებული სამედიცინო მუშაკები დადასტურებული შემთხვევების მხოლოდ 12,6%-ს შეადგენს.
აი, ასეთია ობიექტური რეალობა და თუ ქ-ნ თამარს მართლა სჯერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გამართლების და თან ძალიან გამართლების შედეგია, მისი ნებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“.

რაც შეხება ავადმყოფების სიმძიმეს – საქართველოში 783 დადასტურებული შემთხვევიდან 101 ავადმყოფი იყო მძიმე, ხოლო 39 ავადმყოფი – კრიტიკულად მძიმე და მათგან მხოლოდ12 გარდაიცვალა. ამასთან, მათ რიცხვში შედიან ის ავადმყოფებიც, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ, მაგრამ რეალურად სხვა თანმხლები დაავადებისგან (მაგ. ინსულტისგან) გარდაიცვალნენ, ხოლო 2 ავადმყოფი გარდაცვალებისას სულაც უკვე ვირუსნეგატიურები იყვნენ და მაინც COVID-19-ისგან გარდაცვალებულად ჩაითვალნენ. ანუ, საქართველო ზეპატიოსნად ითვლის COVID-19-ისგან გარდაცვალებულ პირებს, მაშინ როდესაც ყველა ქვეყანა ასე სულაც არ იქცევა.

საინტერესოა, საიდან იცის ქ-ნმა თამარმა, რომ საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი, მისი სტაფი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა COVID-19-ის პანდემიას?! რასაც იგი არაერთგზის შესაშური დაჟინებით იმეორებს. მაშინ, როცა შედეგები საპირისპიროს მეტყველებს. სინამდვილეში საქართველოში სწორედ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა საათივით გამართულად. პაციენტების კვლევის და ნაკადების მოძრაობის ალგორითმები და პროტოკოლები იყო ოპტიმალური: სასწრაფო—სპეციალურად მომზადებული ოჯახის ექიმი— ე.წ. ცხელების ცენტრი —- COVID ცენტრი. არცერთი პაციენტი 1 საათიც კი არ მდგარა რიგში და არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური მომსახურების გარეშე. COVID-ის დიაგნოზი ისმებოდა მაქსიმუმ 12 საათში, ხოლო COVID ცენტრებში პაციენტებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს – პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ სხვადასხვა სორბენტების გამოყენებით და სხვა. სხვათა შორის, პლაქვენილზე საქართველოში არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც, სავარაუდოდ, პოზიტიურად აისახა გარდაცვლილთა რაოდენობაზე.

სხვათა შორის, როდესაც ჩვენ საქართველოში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის შედეგებს ვდებთ, გაღიზიანებული ოპონენტები ხშირად გვეკითხებიან – „ესე იგი, თქვენ გინდათ თქვათ, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებზე უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა გაქვთ“. არამცდაარამც, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში ჩვენ შეიძლება უფრო წარმატებულები ვიყოთ და ამის შესანიშნავი მაგალითია ის, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანია Gilead-მა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის პირველ სამოდელი ქვეყანად სწორედ საქართველო აირჩიეს და არც შემცდარან, ან თუნდაც ის, რომ საქართველოში აივ/შიდსით სიკვდილობის მაჩვენებელი 2.5- ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში. ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება.

ქ-ნი თამარი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელება გვიან დაიწყო, თორემ იანვარში რომ დაწყებულიყო, სავალალო შედეგები გვექნებოდაო. მოკლედ, აღარ იცის, რა თქვას. ამის საპასუხოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 26 თებერვალს დაფიქსირდა და სადღეისოდ 783 ავადმყოფი და 12 გარდაცვლილი (1.53%) გვყავს. ხოლო ევროპის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანაში – ნიდერლანდებში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 27 თებერვალს დაფიქსირდა, მაგრამ მათ სადღეისოდ 46 422 ავადმყოფი და 5 956 გარდაცვლილი (12,83%) ჰყავთ. ასეთი მაგალითები სხვაც ბევრია.

ასე, რომ, ჩვენ მიღწეული შედეგებით, რა თქმა უნდა, ზედმეტად არ უნდა გავთამამდეთ და თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ მუდმივად არასრულფასოვნების კომპლექსით ვიყოთ შეპყრობილი და მიგვაჩნდეს, რომ უცხოეთის ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ყველაფერი უფრო ცუდად კეთდება.

ზედმეტად მიმაჩნია იმის გამეორება, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუციები და ავტორიტეტული ლიდერები, გაეროთი და ჯანმო-თიდაწყებული და აშშ-ის პრეზიდენტით და Washington Post-ით დამთავრებული, საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევენ. ქ-ნი თამარი არ ტოვებს ისეთი პიროვნების შთაბეჭდილებას, რომელიც კარგს და ცუდს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. მაშინ რატომ დასჭირდა მას საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის უკიდურესად ნეგატიურად და ტენდენციურად წარმოჩენა? ვფიქრობთ, მიზეზები ყველასთვის გასაგებია. საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ ქ-ნი თამარი ძალიან გაახალისა (მისივე სიტყვებით) იმ დაუდასტურებულმა შეტყობინებამ, რომ მარნეულში სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა. ამის გაკეთება, ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ქ-ნი თამარი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური ფაქტების წარმოჩენითაა დაკავებული და ძალიან „უტყდება“.

დაბოლოს, ქ-ნო თამარ! გერმანია დიდი ქვეყანაა და COVID-19-ს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა გამოწვევას, იგი უთქვენოდაც გაუმკლავდება. დასაფასებელი ის არის, როცა ამას საქართველოსნაირი ეკონომიკურად შეზღუდული შესაძლებლობების ქვეყანა აკეთებს და თან ძალიან დიდი წარმატებით.

თამარ ჟამურაშვილის პასუხი თენგიზ ცერცვაძეს:

ბატონო თენგიზ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში დრო დამითმეთ და თქვენი აზრი გამანდეთ. რომ არ მცოდნოდა, ხომ არც მომეცემოდა ამ გაუგებრობის განმარტების საშუალება.

მესმის, რომ არანაირად არ გექნებოდათ დრო, ჩემი ყველა ინტერვიუ და სტატია წაგეკითხათ, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და ჩემს პოზიციასა და დამოკიდებულებას მოგახსენებთ.

პირველ რიგში, მადლობა თქვენი გაწეული შრომისა და იმ ღვაწლისათვის, რომელიც ქვეყნისა და პაციენტების წინაშე მიგიძღვით! 

აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ უცხო ქვეყნებში მუშაობა ექიმის ცოდნის, დონისა და პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი არ არის. უფრო მეტსაც დავძენ, ძალიან მაღიზიანებდა მედიის საშუალებით უცხო ქვეყნებიდან ქართველი კოლეგების ჩართვა, რომელთა უმრავლესობასაც ვიცნობდი და ვიცოდი, რომ საერთოდ შეხება არ ჰქონდათ COVID-19-იან პაციენტებთან, დამწყები ექიმები არიან და უნებლიეთ დეზინფორმაციასაც ავრცელებდნენ. ვფიქრობ, სავარაუდოდ, ამანაც შექმნა ფონი და ნეგატიური განწყობა იმისა, რომ უცხოეთში მომუშავე ექიმები საქართველოში მოღვაწე კოლეგებს აკრიტიკებენ. აპრილამდე აზრად არ მომსვლია მედიის გამოყენება. არ ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი, როგორც ექიმის საქმე იყო. თუმცა საელჩო დამიკავშირდა და თხოვნით მომმართა: „ქვეყანას ჩვენი დახმარება სჭირდებაო“. ასე აღმოვჩნდი პირდაპირ ეთერში და მერწმუნეთ, ეს, ჩემი მედიითა და სოციალურ ქსელებში აქტიურობის ერთადერთი მიზეზი და მიზანია. 

ყოველი ჩემი ინტერვიუ თუ სტატია ატარებდა იმ შინაარს, რომ მე ამაყი ვარ საქართველოს შედეგებით, რომ მე მიხარია ჩემი ქვეყნის წარმატება! ძალიან მწყდება გული, თუ ამ განწყობამ თქვენამდე ვერ მოაღწია.

მთელი ჩემი ოჯახი და სამეგობრო თბილისში ცხოვრობს, მე კი დაკეტილ საზღვრებში, ბერლინში აღმოვჩნდი. ერთი წამით თუ წარმოიდგენთ თქვენს თავს ჩემს ადგილზე, მაშინვე მიხვდებით, რომ საქართველოს მიღწევები ბევრად უფრო მახარებდა, ვიდრე აქაური. კრიტიკა არც მიფიქრია. იმ რესურსით, რომელიც ქართულ მედიცინას აქვს და ეს ორივემ კარგად ვიცით, ამ შედეგის დადება მართლაც გმირობაა. გერმანია რომ ამ და კიდევ ბევრ სხვა პრობლემას სანიმუშოდ გაუმკლავდება, არავის აკვირვებს, ეს ბევრჯერ მითქვამს, ბატონო თენგიზ, და ვიმეორებ. 

მადლობა ჩემი პროფესიონალიზმის ეგზომ მაღალი შეფასებისათვის, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ თქვენ ამას გულახდილად გულისხმობდით, მზად ვარ ვითანამშრომლო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და გაგაცნოთ ის პროექტები და ღონისძიებები, რომლებიც ქართულ მედიცინას განვითარებაში დაეხმარება. 

ყველა ის ინფორმაცია, რომელთაც  მე ვაჟღერებდი, ბატონო თენგიზ, საქართველოში მომუშავე ექიმებისგან მაქვს. მზად ვარ, სურვილის შემთხვევაში მესიჯები, რა თქმა უნდა, ანონიმურობის დაცვით წაგაკითხოთ (screeshot). 

ალბათ იმ შექმნილმა ნეგატიურმა ფონმა არ მოგცათ საშუალება, ჩემს ჭეშმარიტ განზრახვას მიმხვდარიყავით. ეს კრიტიკა არავითაარ შემთხვევაში არ იყო. მე ხომ არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომელიც მხოლოდ ლაპარაკობს და მითითებებს იძლევა. არსებობს ვებინარები, რომელთა საშუალებითაც ვცდილობდით მე და ჩემი კოლეგები, სწორი ინფორმაცია გაგვევრცელებინა. ვმუშაობ საქართველოს რეზიდენტებთან, რომლებიც თვითონ დამიკავშირდნენ და თანამშრომლობა მთხოვეს. დაწყებული მაქვს უახლესი გაიდლაინებისა და კვლევების ქართული საიტის შექმნა, მინდა თბილისში დავგეგმოთ კონგრესი და შინაგან მედიცინაში უახლესი გაიდლაინების აპდეიტი მოხდეს. ასევე შესაძლებელია სხვადასვა კურსის დაგეგმვა, მაგალითად, ბრონქოსკოპიის და EBUS-ის (ენდობრონქიალური ულტრაბგერითი გამოკვლევა და ბიოპსია), შპიროერგომეტრიის ან ბოდიპლეტიზმოგრაფიის და მრავალი სხვა. 

რაც ჰოსპიტალური სექტორის მომზადებას შეეხება, ბატონო თენგიზ, ეს კრიტიკა არ იყო, პირიქით, ჩემი და საქართველოში მოღვაწე ექიმების თხოვნა იყო, რომ უკეთ მოზადებულიყვნენ. იმ ექიმების თხოვნა, რომლებიც თბილისის ცხელების ცენტრში ჩართულ იმ სამ კლინიკაში არ მუშაობენ. თუ მე მცდარი ინფორმაცია არ მაქვს და თბილისში მართლაც მხოლოდ სამი კლინიკა დატრენინგდა, აქაც გავიმეორებ ჩემს თხოვნას. კარგი იქნებოდა, თუ ტრენინგები და ვებინარები განზოგადდება და საქართველოს ყველა ექიმი იქნება ინფორმირებული და დატრენინგებული. დამეთანხმებით, რომ ეს მედპერსონალის ინფიცირების რისკსაც შეამცირებს.

მზად ვარ ყველა თქვენს კითხვას პირადად კოლეგიალურ ფორმატში ვუპასუხო. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელიც საქართველოს არ დატოვებდა, ქართულ მედიცინას გერმანიის მსგავსი შესაძლებლობები რომ ჰქონოდა. იმ რეზიდენტებიდან, მე რომ ვახსენე, უმრავლესობას USMLE-ის გამოცდები ნაწილობრივ ჩაბარებული აქვს და წასვლას აპირებს. გავერთიანდეთ ქართული მედიცინისთვის, შევქმნათ მისაღები მოდელი და ექიმებისათვის უწყვეტი განვითარების საშუალება, იმისთვის, რომ შეწყდეს ჭკვიანი ხალხის გადინება ქვეყნიდან და ჩემნაირებს დაბრუნების საშუალება  მიეცეთ. 

მადლობა თქვენ! 

მასალების გადაბეჭდვის წესი