ნეტგაზეთი | EMC მთავრობას მოუწოდებს, შეიმუშაოს აზარტული თამაშებისგან ბაშვთა დაცვის მექანიზმი EMC მთავრობას მოუწოდებს, შეიმუშაოს აზარტული თამაშებისგან ბაშვთა დაცვის მექანიზმი – Netgazeti

EMC მთავრობას მოუწოდებს, შეიმუშაოს აზარტული თამაშებისგან ბაშვთა დაცვის მექანიზმი

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) მთავრობას მოუწოდებს, შეიმუშაოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა

ორგანიზაციის განცხადებით, არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობა წლების მანძილზე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. EMC-ის თქმით, ბავშვთა სიღარიბის მაღალ მაჩვენებელთან და განათლების სისტემაში არსებულ ჩავარდნებთან ერთად, ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მძიმე გამოწვევად რჩება, რომელიც ქრონიკული სიღარიბისა და ფსიქოსოციალური პრობლემების რისკს ზრდის.

EMC-ში აცხადებენ, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აზარტულ თამაშებში ჩართული არასრულწლოვნების შესახებ გამოქვეყნებული საგანგაშო კვლევის მიხედვით, 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი – ბოლო 1 წლის განმავლობაში:

“ამგვარი აქტივობების ადრეული ასაკიდან დაწყება ზრდასრულ ასაკში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებად/აშლილობად მიიჩნია და შესაბამისი კლასიფიკაციაც მიანიჭა, ევროპის კომისიამ კი მიიღო რეკომენდაციები ონლაინ აზარტული მომსახურებების მომხმარებელთა და მოთამაშეთა დაცვისა და მცირეწლოვანთა ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაცვის შესახებ” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” თქმით, დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაარეგულირონ აზარტული თამაშები და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით (მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამირების მკაცრი რეგულირებით, ასაკის შემოწმების მექანიზმითა თუ კონტროლის პროგრამებით) უზრუნველყონ აღნიშნულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართვის პრევენცია.

თუმცა, მიუხედავად არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ ბავშვის უფლებათა კოდექსის ჩანაწერებისა და აზარტულ და მომგებიან თამაშებში ბავშვების ჩართვის აკრძალვისა, EMC აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს კვლავ არ შეუქმნია ეფექტიანი საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო როგორც პრევენციის, ისე პრობლემაზე რეაგირების მიმართულებით:

“სათამაშო ბიზნესი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად რჩება. დღეს საქართველოში მოქმედი 10 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 3 ტოტალიზატორია. სექტორის ბრუნვამ 2018 წელს 14 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრით მიღებული შემოსავლები ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ხელშესახებ წილს შეადგენენ. აზარტულ თამაშებში ჩართვა უამრავი პრობლემის საფუძველია – მათ შორისაა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსური პრობლემები, დასაქმებასთან და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, უსახლკარობა, სუიციდი და სხვა. კრიზისის პირობებში ეს რისკები განსაკუთრებით სახიფათო ხდება.

კორონავირუსის პანდემია საქართველოს უამრავ მოქალაქეს მძიმე ეკონიმიკური წნეხის ქვეშ აყენებს. ცნობილია, რომ ეკონომიკური კრიზისები აზარტულ თამაშებში ჩართულობას ზრდის, თუმცა საქართველოში მოქმედ ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტიათ და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მომხმარებლების მიზიდვას ახალი მარკეტინგული კამპანიებით ცდილობდნენ”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის განცხადებით, ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ოჯახებისთვის დამატებით ეკონომიკურ სირთულეებს აჩენს, არასწრულწლოვანთათვის კი ქრონიკული სიღარიბის რისკს ზრდის.

EMC-ში აღნიშნავენ, რომ ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები უფრო ხშირად ერთვებიან აზარტულ თამაშებში, აზარტულ თამაშებში ჩართულობა კი, თავის მხრივ, სიღარიბის კვლავწარმოებას უწყობს ხელს.

შესაბამისად, ორგანიზაციის განცხადებთ, საქართველოში აზარტული თამაშების ფართო გავრცელება და სათამაშო ბიზნესის ზომა მძიმე სოციალური ფონის სიმპტომიცაა და მისი შენარჩუნების ინსტრუმენტიც:

“არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე – უახლესი მონაცემებით საქართველოში ყოველი მესამე, ანუ დაახლოებით 200 000 ბავშვი სიღარიბეში იზრდება – აზარტული თამაშებისა და მათში არასრუწლოვანთა ჩართულობის გავრცელება გადაუდებელი სახელმწიფო ინტერვენციის აუცილებლობას ქმნის”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC-ში აღნიშნავენ, რომ 2019 წლიდან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ნაწილია. თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, პრევენციის პოლიტიკა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და უნდა მოიცვას აზარტულ თამაშებში ჩაბმის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე კონკრეტული ინტერვენციების დაგეგმვა:

“მთავრობის მიერ საკითხის არაპრიორიტეტულად მიჩნევის გამო, სახელმწიფო არათუ არ ზრუნავს ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებასა და ფინანსური რესურსების მობილიზაციაზე, არამედ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა იმ კომპონენტის დაფინანსება, რომელიც ნივთიერება დამოკიდებულებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციას ისახავს მიზნად.[5] ამასთან, ქვეყანას დღემდე არ შეუმუშავებია სუიციდის პრევენციის პროგრამები/სტრატეგია, რომლის დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესში დააიდენტიფიცირებდა სუიციდისა თუ მისი მცდელობების გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართებას სუიციდთან; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს” ,- აღნიშნავენ EMC-ში.

ამასთან, EMC მნიშვნელოვნად მიიჩნევს დაწყებითი განათლების სისტემის როლს როგორც არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირებაში, ისე სხვა ფსიქოსოციალური პრობლემების თავიდან აცილებაში. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლევების თანახმად, სკოლაში შესაბამისი ღირებულებებისა და ნორმების დანერგვას მოსწავლეთა შორის აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირება შეუძლია.

პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, ორგანიზაციის შეფასებით, გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოს რეაგირებითი პოლიტიკაც:

“მნიშვნელოვან პრობლემად უნდა ჩაითვალოს აზარტული თამაშების რეკლამირების დაურეგულირებლობა. კაზიონებისა და ტოტალიზატორების მარკეტინგული კამპანიები შესაძლოა თამაშზე დამოკიდებულების რისკს ზრდიდნენ, ხოლო მათთვის, ვინც დამოკიდებულების დაძლევას ცდილობენ, დამატებით სირთულეებს აჩენდნენ. საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის პირობებში მარკეტინგული კამპანიები მომრავლდა, რაც მათ შესაძლო ნეგატიურ გავლენას კიდევ უფრო ზრდის.

ამასთან, სუსტია რელევანტური საკანონმდებლო ნორმების აღსრულების მექანიზმები – განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს არაეფექტიანი კონტროლი არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართვის პროცესებთან დაკავშირებით. პრობლემურია ონლაინ სამორინეებში რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რაც აზარტულ თამაშებს ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომს ხდის. შესაბამისად, არსებობს მისი მკაცრი რეგულირების აუცილებლობა”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

EMC-ში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, რეგისტრაციის პროცედურებმა არასრულწლოვანთა ჩართულობა გამორიცხოს, ასაკის დაუდგენლად რეგისტრაცია კი შეუძლებელი გახდეს. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში სახელმწიფოს ვალდებულებების სიმწირე/არარსებობას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების, იდენტიფიცირების, მათი საჭიროებების შესწავლის, როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ სფეროში მათი მხარდაჭერისა და სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • განახორციელონ საკანონმდებლო ცვლილებები აზარტული თამაშებისა და მისი რეკლამირების აკრძალვის ან მკაცრად და დეტალურად დარეგულირების მიზნით, მათ შორის, არასრულწლოვნების საჭიროებებისა და გამოწვევების მხედველობაში მიღებით.

საქართველოს მთავრობას კი სთხოვს:

  • გამოავლინოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები, ასევე, დამოკიდებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით განახორციელოს ეფექტიანი პრევენციული და რეაგირებითი ინტერვენციები.
  • განახორციელოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის პრიორიტეტიზაცია ჯანდაცვის პოლიტიკაში და თამაშებზე დამოკიდებული პირები უზრუნველყოს სარეაბილიტაციო და სხვა ტიპის მხარდამჭერი სერვისებით.
  • უზრუნველყოს აზარტულ თამაშებთან დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების ეფექტიანი აღსრულება.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.