ახალი ამბები

დააკავეს პოლიციელი, რომლის ქმედებას მინეაპოლისში შავკანიანი მოქალაქე ემსხვერპლა

29 მაისი, 2020 • 1800
დააკავეს პოლიციელი, რომლის ქმედებას მინეაპოლისში შავკანიანი მოქალაქე ემსხვერპლა

მასშტაბური საპროტესტო აქციების, შენობების დარბევისა და დაწვის შემდეგ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში დააკავეს პოლიციელი, რომლის ქმედებასაც შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი მოჰყვა.

მას ბრალად ედება ადამიანის წინასწარგანუზრახავ მკვლელობასა და მესამე ხარისხის მკვლელობაში (რაც ნიშნავს მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში). აღნიშნული დანაშაულებიი მინესოტაში მაქსიმუმ 15 -დან 25-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც მინესოტის ხელისუფლების წარმომადგენელმა ABC News-ის პირდაპირ ეთერში თქვა, ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ბრალდება დაზუსტდეს.

მინეაპოლისის ერთ-ერთ მაღაზიაში რამდენიმე დღის წინ პოლიცია გამოიძახეს, ამის მიზეზად კი მოქალაქის მიერ ყალბი კუპიურის გამოყენების მცდელობა დასახელდა. ადგილზე მისულმა თეთრკანიანმა პოლიციცელებმა შავკანიანი, შეუიარაღებელი ჯორჯ ფლოიდი ასფალტზე დააგდეს, პოლიციელმა დერეკ ჩაუვინმა კი მას კისერზე მუხლი დააჭირა. გამვლელების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ძირს დაგდებული კაცი პოლიციას ამაოდ სთხოვს, მისცეს სუნთქვის საშუალება, თუმცა პოლიციელი მის რამდენიმეწუთიან თხოვნას არ ითვალისწინებს. ამის შემდეგ ფლოიდი გონებას კარგავს, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაცვლილად გამოაცხადეს.

ამერიკული მედია ყურადღებას ამახვილებს პოლიციელთა და მათი მსხვერპლის კანის ფერზე, რადგან აღნიშნულ შემთხვევას რასისტული მოტივებით ხსნიან. იგივეს აცხადებენ აქციის მონაწილეებიც. მათი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს შავკანიან მოქალაქეებზე ძალადობა, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციელთა მხრიდან ძალადობას ემსხვერპლა შეუიარაღებელი შავკანიანი მოქალაქე.

მინეაპოლისში დაწყებული საპროტესტო ტალღა მალევე მოედო სხვა ქალაქებსაც, თავად მინეაპოლისში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე დანარჩენ 3 პოლიციელს, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მინესოტაში შავკანიანი მოქალაქის მკვლელობისთვის პოლიციელთა დასჯას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი