ახალი ამბები

CNN-ის გადამღები ჯგუფი აქციის გაშუქებისას პირდაპირ ეთერში დააკავეს [ვიდეო]

29 მაისი, 2020 • 1450
CNN-ის გადამღები ჯგუფი აქციის გაშუქებისას პირდაპირ ეთერში დააკავეს [ვიდეო]

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში, სადაც მოსახლეობა პოლიციის მიერ აფროამერიკელ მოქალაქეზე ძალადობას აპროტესტებს, რასაც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა, CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში შტატის პოლიციამ დააკავა.

კადრებში ჩანს, რომ ტელეკომპანიის კორესპონდენტი ომარ ხიმენესი საინფორმაციო გამოშვებაში ერთვებოდა, რა დროსაც მისკენ რამდეიმე პოლიციელი დაიძრა. ჟურნალისტმა პოლიციას განუმარტა, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და თანახმა იყო გადაღება იმ ადგილიდან გაეგრძელებინა, სადაც პოლიცია მოუთითებდა.

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტს ხელბორკილები დაადეს და უთხრეს, რომ დაკავებულია.

ტელეკომპანიის განცხადებით, ხიმენესთან ერთად დააკავეს გადამღები ჯგუფის სხვა წევრებიც. მედიასაშულების ცნობითვე, დაკავებულები მალევე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მომხდარს მინესოტის გუბერნატორი გამოეხმაურა, მომხდარს მიუღებელი უწოდა და მედიასაშუალებას ბოდიში მოუხადა.

აშშ-ის შტატ მინესოტის დედაქალაქ მინეაპოლისში ბოლო სამი დღეა, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. სამართალდამცავებმა აქციები ორჯერ დაშალეს, მომიტინგეებმა კი პოლიციის მანქანები დააზიანეს, არეულობის დროს ქალაქში რამდენიმე ადგილას ცეცხლიც გაჩნდა.

რა გახდა პროტესტის მიზეზი?

25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის ოთხი ოფიცერი მივიდა გამოძახებაზე. მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოქალაქემ მაღაზიაში ყალბი კუპიურით სცადა გადახდა, წერს BBC.

მინეაპოლისის პოლიციის განცხადებით, ადგილზე მისვლისას მათ დააკავეს 46 წლის შავკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც თავის ავტომანქანაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი, მათთვის მიწოდებული ცნობის თანახმად, „იჯდა ლურჯ მანქანაში და, როგორც ჩანს, [ალკოჰოლური თუ სხვა] ზეგავლენის ქვეშ იყო“.

შემდეგ, პოლიციის განცხადებით, ოფიცრებმა უბრძანეს ფლოიდს, მანქანიდან გამოსულიყო, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. „ოფიცრებმა მოახერხეს ეჭვმიტანილისთვის ხელბორკილის დადება და შენიშნეს, რომ მას სამედიცინო პრობლემა ჰქონდა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

შემდეგ, ფლოიდის დაკავებისას, უკვე პოლიციის მანქანასთან სამართალდამცავებმა ძირს დააწვინეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი ყელზე მუხლი დაადო. დაკავებისას ადგილზე იყვნენ თვითმხილველები, რომელთა გადაღებული ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ძირს დაგდებული ფლოიდი რამდენჯერმე სთხოვს პოლიციელებს, ყელიდან მუხლი აეღოთ და იმეორებს, რომ სუნთქვა უჭირს. ყელიდან მუხლის აღებისკენ პოლიციას თვითმხილველიც მოუწოდებს.

გავრცელებულ მასალაში ასევე აღბეჭდილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფლოიდი ლაპარაკსა და მოძრაობას წყვეტს, რაზეც თვითმხილველებიც მიუთითებენ. ამ მდგომარეობაში მყოფ ფლოიდს პულსსაც უზომავენ. ამასთან ერთად, პოლიციელს მის ყელზე მუხლი კვლავ აქვს დადებული.

საბოლოო ჯამში, ფლოიდს საკაცზე ათავსებენ და სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი