ნეტგაზეთი | რელიგიური ორგანიზაციები საგანგებო მდგომარეობის შემდგომ გაურკვევლობაში რელიგიური ორგანიზაციები საგანგებო მდგომარეობის შემდგომ გაურკვევლობაში – Netgazeti

რელიგიური ორგანიზაციები საგანგებო მდგომარეობის შემდგომ გაურკვევლობაში

საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდან 2 კვირის შემდეგ რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი გაურკვევლობაშია. ისინი ამბობემ, რომ არ იციან, როგორ უნდა  წარმართონ რელიგიური საქმიანობა ისე, რომ რეგულაციები არ დაარღვიონ. საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ შეზღუდვები მათზე არ ვრცელდება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია TDI-ში და რამდენიმე რელიგიურ ორგანიზაციაში შესაბამისი უწყებების მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობენ.

საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი სამთავრობო ცხელ ხაზს 29 მაისს დაუკავშირდა. მისი თქმით, ოპერატორმა ინფორმაცია დააზუსტა, შემდგომ კი უთხრა, რომ რეგულაცია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაზე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც ძალაში რჩება, რელიგიურ ორგანიზაციებზეც ვრცელდება.

“გოგონა შეეკითხა სხვას და პასუხი მივიღეთ ასეთი, რომ 10 კაცზე მეტის შეკრება არ შეიძლება, ისიც დისტანციურად და რეგულაციებით. ამ პირობებში ვართ მაშინ, როცა ვხედავთ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში არის მთელი შეკრებები, პრეზიდენტიც მიდის და ა.შ. კითხვა შევუბრუნე ამ გოგონას, ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის ასე არის- მეთქი? კანონში კონკრეტულად ეკლესიაზე არ გვიწერიაო”, – აღნიშნავს პასტორი.

ზაალ ტყეშელაშვილის თქმით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მისი ეკლესია ყველა რეგულაციას იცავდა. ახლა კი, როცა ეს რეჟიმი მოიხსნა, გაურკვევლობაშია როგორც ევანგელისტური ეკლესიის მრევლი, ისე სასულიერო პირები, რაც საქართველოს მთავრობისგან მათთან ნაკლები კომუნიკაციით არის გამოწვეული. მისი თქმით, მთავრობის და კონკრეტულად, რელიგიის საქმეთა სააგენტოს პრეროგატივაა, მსგავს ვითარებაში რელიგიურ ორგანიზაციებს რეკომენდაციები გაუზიაროს.

“როდესაც პრემიერი მოვიდა პარლამენტში, სერგო რატიანმა ჰკითხა მას, არათანაბარი მდგომარეობაა და როდის შეეძლებათ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს მსახურებების განახლება. პრემიერმა თქვა, რომ ყველა რელიგიურ კონფესიასთან რელიგიური და სწორი ურთიერთობები გვაქვს, მათ კი თვითონ გადაწყვიტეს, როგორ მოქცეულიყვნენ. ეს არ არის სწორი, რადგან არანაირი ურთიერთობა, რეგულაციებზე საუბარი, არ ყოფილა ჩვენთან”, – აღნიშნავს ის.

პანდემიის კრიზისმა “ხსნის არმიის” დღის წესრიგის შეცვალა. ორგანიზაციაში რელიგიურ მსახურებებს ონლაინ რეჟიმში ასრულებდნენ, შეაჩერეს სოციალური პროგრამებიც.

“ვთვლიდით, რომ რეგულაციების პირნათლად შესრულება ჩვენი მოვალეობა იყო, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობდა ვირუსული ინფექციის გავრცელების შეჩერებას და, მეორე მხრივ, დაიცავდა ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს”, – აღნიშნავს “ხსნის არმიის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი სოფიო ბახტაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ორგანიზაციას სახელმწიფოსგან კონკრეტული რეკომენდაციები არ მიუღია და თავად ეცნობოდა ინფორმაციას მთავრობის მიერ ამოქმედებულ პორტალზე. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ “ხსნის არმიამ” სამთავრობო ცხელ ხაზზე დარეკა. სოფიო ბახტაძის თქმით, ისინიც 10 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვის შესახებ გააფრთხილეს:

“28 მაისს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე, 144, სატელეფონო საუბრისას განგვიმარტეს, რომ 10 კაცამდე შეკრების შეზღუდვა ისევ ძალაში რჩებოდა ყველა რელიგიური თემისთვის გამონაკლისების გარეშე, საქართველოს მთავრობის # 322 დადგენილების თანახმად”.

ორგანიზაცია ამ დრომდე ონლაინ რეჟიმში ასრულებს მსახურებებს. ამბობენ, რომ ასე გაგრძელდება, სანამ შეზღუდვები სრულად არ მოიხსნება.

საქართველოში მოქმედი კიდევ ერთი რელიგიური ორგანიზაცია – ევანგელურ-ლუთერული ეკლესია – სახელმწიფოსთან კომუნიკაციას რამდენჯერმე შეეცადა. თუმცა, ეკლესიის ეპისკოპოსის, მარკუს შოხის თანახმად, სახელმწიფოსგან ვერ მიიღეს “რაიმე წერილობითი პასუხი კითხვებსა და წერილებზე”.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტში” მიაჩნიათ, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც და მას შემდეგაც მთავრობას უშუალოდ რელიგიური ორგანიზაციებისთვის რეკომენდაციები უნდა მიეცა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, მაკო ღავთაძის თქმით, ეს მთავრობის ვალდებულება იყო.

“ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც შეზღუდვები დაწესდა, ვერ ნახავთ, რომ ერთი პუნქტი მაინც არ ეწეროს რელიგიურ საქმიანობაზე კონკრეტულად. საქართველოში მთავრობა ამაზე ცალკე რაღაცის თქმას არიდებს თავს და გაუგებარ, კანონის მიღმა გასულ გარიგებაში და მოლაპარაკებებშია, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კონსტიტუციის დარღვევის ხარჯზე, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

დანარჩენმა რელიგიურმა გაერთიანებებმა დაიცვეს აბსოლუტურად ყველა წესი. არა იმიტომ, რომ სავალდებულო იყო, არამედ მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. დღეს მოიხსნა  საგანგებო მდგომარეობა, შეიცვალა ვითარება, მაგრამ რჩება 10 ადამიანის შეკრების მოთხოვნა. რელიგიურმა ორგანიზაციებმა არ იციან, რა გააკეთონ: რისი უფლება აქვთ, როგორ უნდა იმოქმედონ… ან უფლებას რომ თავი დავანებოთ, რა რეკომენდაციას აძლევს მათ სახელმწიფო”, – აღნიშნავს ის.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასაც დაუკავშირდა და აუწყა რელიგიურ ორგანიზაციათა ნაწილის გამოცდილების შესახებ, რომელთა განცხადებითაც, ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ შეზღუდვა 10 ადამიანის შეკრებაზე მათზეც ვრცელდება. მთავრობის პრესსამსახურში მსგავსი რამ გამორიცხეს.

“10-კაციანი შეზღუდვა მოხსნილია როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაში, ისე სხვა კონფესიების შემთხვევაში. აქ სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა და დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება. რელიგიური ორგანიზაციებისთვის ცალკე არაფერი შემუშავებულა”, – განაცხადეს პრესსამსახურში.

საქართველოში პანდემიის კრიზისის დაწყების შემდეგ არაერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ რელიგიური რიტუალები შეაჩერა, ან მათი ფორმატი შეცვალა. აღდგომის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე, როცა ნათელი გახდა მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რომ ეკლესიებში მრევლი მაინც შეიკრიბებოდა და არც ზიარების წესი შეიცვლებოდა, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დეკრეტით არ იზღუდებოდა რწმენის თავისუფლება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან