ახალი ამბები

ტრამპი: აშშ Antifa-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

31 მაისი, 2020 • 1935
ტრამპი: აშშ Antifa-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამს Antifa (ანტი-ფაშისტური მოძრაობის) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება სურს. ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

Antifa ანტი-ფაშისტური მოძრაობის შემოკლებული ფორმაა, რომელიც მემარცხენე აქტივისტებს აერთიანებს. ტრამპის ტვიტს წინ უძღვოდა აშშ-ის გენერალური პროკურორის, ბილ ბარის განცხადება, რომელმაც მოძრაობა აშშ-ში მიმდინარე მოვლენებთან კავშირში დაადანაშაულა.

აშშ-ის ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, მოძრაობა მინეაპოლისსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში მიმდინარე ძალადობისა და ვანდალიზმის უკან დგას და ლეგიტიმური პროტესტით ინიღბება.

აშშ-ში უკანასკნელი რამდენიმე დღეა,  მოსახლეობა პოლიციის მიერ აფროამერიკელ მოქალაქეზე ძალადობას აპროტესტებს, რასაც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა. პროტესტი აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში დაიწყო, თუმცა აშშ-ის სხვა ქალაქებიც მოიცვა.

სამართალდამცავებმა აქციები რამდენჯერმე დაშალეს, მომიტინგეებმა კი პოლიციის მანქანები და კერძო საკუთრება დააზიანეს.

საპროტესტო აქციების გამო აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პოლიციელი, კი რომელსაც ჯორჯ ფლოიდზე ძალადობაში ადანაშაულებენ, საპროტესტო აქციების შემდეგ დააპატიმრეს. მანამდე ის მხოლოდ სამსახურიდან იყო გათავისუფლებული.

მას ბრალად ედება ადამიანის წინასწარგანუზრახავ მკვლელობასა და მესამე ხარისხის მკვლელობაში (რაც ნიშნავს მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში). აღნიშნული დანაშაულებიი მინესოტაში მაქსიმუმ 15 -დან 25-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც მინესოტის ხელისუფლების წარმომადგენელმა ABC News-ის პირდაპირ ეთერში თქვა, ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ბრალდება დაზუსტდეს.

რა გახდა პროტესტის მიზეზი?

25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის ოთხი ოფიცერი მივიდა გამოძახებაზე. მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოქალაქემ მაღაზიაში ყალბი კუპიურით სცადა გადახდა, წერს BBC.

მინეაპოლისის პოლიციის განცხადებით, ადგილზე მისვლისას მათ დააკავეს 46 წლის შავკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც თავის ავტომანქანაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი, მათთვის მიწოდებული ცნობის თანახმად, „იჯდა ლურჯ მანქანაში და, როგორც ჩანს, [ალკოჰოლური თუ სხვა] ზეგავლენის ქვეშ იყო“.

შემდეგ, პოლიციის განცხადებით, ოფიცრებმა უბრძანეს ფლოიდს, მანქანიდან გამოსულიყო, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. „ოფიცრებმა მოახერხეს ეჭვმიტანილისთვის ხელბორკილის დადება და შენიშნეს, რომ მას სამედიცინო პრობლემა ჰქონდა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

შემდეგ, ფლოიდის დაკავებისას, უკვე პოლიციის მანქანასთან სამართალდამცავებმა ძირს დააწვინეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი ყელზე მუხლი დაადო. დაკავებისას ადგილზე იყვნენ თვითმხილველები, რომელთა გადაღებული ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ძირს დაგდებული ფლოიდი რამდენჯერმე სთხოვს პოლიციელებს, ყელიდან მუხლი აეღოთ და იმეორებს, რომ სუნთქვა უჭირს. ყელიდან მუხლის აღებისკენ პოლიციას თვითმხილველიც მოუწოდებს.

გავრცელებულ მასალაში ასევე აღბეჭდილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფლოიდი ლაპარაკსა და მოძრაობას წყვეტს, რაზეც თვითმხილველებიც მიუთითებენ. ამ მდგომარეობაში მყოფ ფლოიდს პულსსაც უზომავენ. ამასთან ერთად, პოლიციელს მის ყელზე მუხლი კვლავ აქვს დადებული.

საბოლოო ჯამში, ფლოიდს საკაცზე ათავსებენ და სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მინესოტაში შავკანიანი მოქალაქის მკვლელობისთვის პოლიციელთა დასჯას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი