ახალი ამბები

რა ხდება ჩორჩანაში? – ანტისაოკუპაციო მოძრაობის ცნობა და სუს-ის პასუხი

30 მაისი, 2020 •
რა ხდება ჩორჩანაში? – ანტისაოკუპაციო მოძრაობის ცნობა და სუს-ის პასუხი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტყის მასივში ოკუპანტების მიერ ნიშნულების გაკეთების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ “პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე რეაგირება ხორციელდება”.

ამასთან, სუს-ი ამბობს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას 2019 წლიდან აწარმოებენ.

“ტყის მასივში აღმართულია უკანონო ინსტალაციები და გარკვეულ მონაკვეთებზე გაკეთებულია უკანონო მონიშვნები. სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს. პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით. ამავდროულად პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები”, – ნათქვამია სუს-ის კომენტარში.

30 მაისს, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩორჩანა-პერევის ტყის მასივის მარკირებას, რაც ბორდერიზაციის მოსამზადებელ ქმედებას წარმოადგენს.

“დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ როგორც განახლებული, მკაფიოდ მარკირებული ხეები, ასევე, ახლად შეღებილი ნიშნულები.
ფაქტობრივად, ჩვენ “სველ” კვალზე გავყევით ოკუპანტებს, რომლებიც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ამზადებენ ბორდერიზაციას. ერთ-ერთ ადგილას კი აღმოვაჩინეთ “ხაფანგი”, რომელიც განკუთვნილი იყო გაეკონტროლებინა გზის კონკრეტულ მონაკვეთზე უცხო პირების გადაადგილება. პირველადი შეფასებით, ოკუპანტები დამატებით 9 000 000 კვმ ტერიტორიას გვართმევენ. ხელისუფლება შეეცდება არ დაადასტუროს, ან სრული იგნორირება გაუკეთოს ამ ინფორმაციას, თუმცა, თუ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან, ჩვენ ბუნებრივია მიუხედავად ხელისუფლების ჩვენდამი არსებული ნეგატიური დამოკიდებულებისა, მზად ვართ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია”, – განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი