ახალი ამბები

ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, პატრიარქი და სინოდი დასავლური კურსს უჭერენ მხარს

28 მაისი, 2020 • 1167
ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, პატრიარქი და სინოდი დასავლური კურსს უჭერენ მხარს

“საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და გარე-გარე ან უნდა დავრბოდეთ, გვიშველეთო”, – განაცხადა 28 მაისს, ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა რიგ პოლიტიკოსებზე საუბრისას, რომელთა ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

ამავდროულად, ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ქვეყნის დასავლურ კურსს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერს და პოლიტიკოსებს და მედიას მოუწოდა, ეკლესიაზე შეტევას თავი დაანებონ, რადგან “უკან დაუბრუნდებათ”.

“მეუფე ანტონს ხომ ყველა იცნობთ? რომელმა არანორმალურმა უნდა თქვას, რომ რუსეთისკენ მიჰყავს იმ კაცს… უბრალოდ, მან ის აღნიშნა, როგორ საძაგლადაც ვიქცევით, ევროპაში კი არა, სახლებში არა ვართ შესაშვებები, ისე ვიქცევით. ვინ თქვა, რომ გადაუხვიეთო? მეუფე ანტონი, ან 3-4 ეპისკოპოსი რომ იყოს, ჯვარი სწერიათ, პოლიტიკას შეგვაცვლევინებენ ჩვენს ეკლესიას? პატრიარქმა განაცხადა, სინოდმაც განაცხადა დასავლეთის კურსი და ბევრს ნუღარ ლაპარაკობთ. მე პირადად მაქვს ურთიერთობები და ძალიან კარგად იციან უცხოეთში, ვისკენ ვართ”, – განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, 2 000 წელია ეკლესიას არ უღალატია საქართველოსთვის და ვინც ეკლესიას ებრძვის, ის არის “საქმით რუსი”.

“ვინც ჩვენ გვებრძვის, ეკლესიას ებრძვის, ის ხომ საქართველოს ებრძვის და რომელ ქვეყანას უნდა ჩვენი დანგრევა? კარგად გადავიხედოთ, საქმეებით ვინ არის რუსი, დაინახავთ თვითონ. დაემსგავსეთ ისევ ადამიანებს, არ გვაფიქრებინოთ, რომ დარვინი მართალი იყო ადამიანის წარმოშობაზე. არ შეიძლება ფულის გამო სული გაყიდოთ  და ქვეყანა და ერი გაყიდოთ. ეკლესიას მაინც ვერაფერს დააკლებთ”, – აღნიშნა მან.

ეპისკოპოს იაკობის თქმით, არ გაუჭირდება გაიგოს, ვისგან მოდის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ და საპასუხო მიაგოს, მაგრამ არ აკეთებს, რადგან “არჩევნები მოდის” და არ უნდა, გარკვეული ძალები დააზიანოს.

“უცხოეთშიც დაზიანდებიან. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და გარე-გარე ან უნდა დავრბოდეთ, გვიშველეთ, გვიშველეთო, – ხან მოსკოვში, ზოგი კიდევ სხვადასხვა დედაქალქებში. ღირსეული ერი ვართ და ღირსუელად უნდა ვიცხოვროთ”, – განაცხადა მან.

ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ბოდბელ ეპისკოპოსს ჰკითხეს, რომელი ძალების დაზიანებაზე საუბრობდა, თუმცა მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

“რაც ეკუთვნით, ისე რომ მოვექცე, უბრალოდ გამოვა, რომ რაღაც ნაწილი პოლიტიკოსების დაზიანდებიან. ისევ ისინი იკბინებიან, ოპოზიციური ფრონტი ყველაზე მეტად. ყველაზე არ ვიძახი. ძალიან ბევრი ეკლესიაშიც მოდიოდა, ძალიან ბევრი გაემიჯნა. ხომ გახსოვთ, თავიდან როგორ დაიწყო, როდესაც საგანგებო წესები უნდა მიეღოთ, გახარებულებმა მისცეს [ხმა] საგანგებო მდგომაროებას იმიტომ, რომ ეგონათ, ეკლესიას ჩაკეტავდნენ. რომ მიხვდნენ, გაბრიყვდნენ, კი ნახეთ, მერე როგორ იქცევიან”, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.


ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე იქადაგა, აღნიშნა რა, რომ ევროპული დაფინანსებით სარგებლობენ არასამთავრობობი, მედია და სხვა აქტორები, რომლებიც “ეკლესიას უტევენ”. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ეს შეფასება გაიზიარა და თქვა, რომ “მეუფე ანტონმა რეალობა წარმოაჩინა”.

ანტიდასავლური გზავნილები მიტროპოლიტ ანტონისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი