ნეტგაზეთი | წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების პროცენტის 4%-ს 5 წლით დავასუბსიდირებთ – გახარია წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების პროცენტის 4%-ს 5 წლით დავასუბსიდირებთ – გახარია – Netgazeti

წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების პროცენტის 4%-ს 5 წლით დავასუბსიდირებთ – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მოქალაქეებს ხუთი წლის განმავლობაში იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაუფინანსებს.

სუბსიდირება შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება. როგორც პრემიერმა დღეს, 28 მაისს, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, ამით მთავრობა უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას შეუწყობს ხელს:

“მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება, ხუთი წლის განმავლობაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს რეალურ მოთხოვნას შექმნის სამშენებლო ბაზარზე. ხუთი წლის განმავლობაში გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობის გაუმჯობესებას გადაწყვეტს”.

მთავრობის ინფორმაციით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი დაიხარჯება. როგორც პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდირება დაახლოებით 7%-მდე ჩამოიყვანს ლარში გაცემულ სესხების განაკვეთებს.

“სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლივობა შეიძლება 10 ან 15 წელი იყოს, პირველ ხუთ წელს მსესხებელი ყველაზე მაღალ საპროცენტო ხარჯს გასწევს, ამიტომ სახელმწიფო სწორედ ამ პერიოდში ეხმარება”,-ამბობს ლილუაშვილი.

ამას გარდა, მთავრობა იპოთეკურ სესხებზე გარანტიასაც გასცემს, რათა წინასწარი შენატანების თანხა არ გაიზარდოს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ღონისძიებაზე ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი დაიხარჯება.

“ნებისმიერი ფინანსური კრიზისის დროს იზრდება იმის რისკი, რომ ადამიანები შემოსავალს ან დაკარგავენ, ან შეუმცირდებათ, მსესხებლები სესხის გადახდას ვეღარ შეძლებენ… ამ რისკების ზრდა, როგორც წესი, იწვევს იმას, რომ იზრდება წინასწარი შენატანები ბინის ყიდვის დროს. რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებისთვის ერთობლივად გადასახდელი ხარჯები იზრდება. იმისთვის, რომ წინასწარი შენატანების ზრდა არ მოხდეს და არც საპროცენტო განაკვეთები გაიზარდოს, მთავრობა წლის ბოლომდე აღებული ყველა იპოთეკური სესხების გარანტიას განახორციელებს 20%-ის ოდენობით. ანუ სახელმწიფო ამ შემთხვევაში მისი მოქალაქისთვის თანამსესხებელი გამოდის”,-ამბობს ლილუაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.