ახალი ამბები

29-30 მაისს მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება

28 მაისი, 2020 • 1426
29-30 მაისს მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 მაისს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. შესაძლებელია ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 27-31 გრადუსამდე ტემპერატურა, მთიან რაიონებში 26-31, ხოლო მაღალ მთაში 22-დან 27 გრადუსამდე. ხვალისთვის კი დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის დაახლოებით 10 გრადუსიანი კლებაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალ დღის პირველ ნახევარში ტემპერატურის ზრდა მოსალოდნელია 4-5 გრადუსით, თუმცა დღის მეორე ნახევარში, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე არის სეტყვის დიდი ალბათობაც. დღის ბოლოს კი აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთის მიმართულებით ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდა 30 მაისის დღის პირველ ნახევარში, დღის მეორე ნახევრიდან ნალექი შეწყდება, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის თბილისში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი და მოსალოდნელია ტემპერატურის 5 გრადუსიანი კლება.

სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ასევე ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა და გააქტიურება აღინიშნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი