ახალი ამბები

არ მინდა მორალში შესვლა, სხვა რამეზე ვსაუბრობთ – გახარია 20 ივნისს დაზარალებულებზე

27 მაისი, 2020 • 671
არ მინდა მორალში შესვლა, სხვა რამეზე ვსაუბრობთ – გახარია 20 ივნისს დაზარალებულებზე

გიორგი გახარიამ პარლამენტში ელენე ხოშტარიას კითხვაზე, „ვინ დააზიანა ეს ადამიანი [მაკო გომური] და ვინ ამოთხარა მას თვალი?“, უპასუხა, რომ ეს საკითხი სამართლებრივი პროცესია, სხვა ყველაფერი კი მორალი, რომელშიც „შესვლა არ უნდა“.

„სამართლებრივი პროცესია, სხვა ყველაფერი არის მორალი. არ მინდა მორალში შესვლა, სხვა რამეზე ვსაუბრობთ. სამართლებრივი პროცესია დაზარალებული-არდაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მე ვთვლი, რომ სრულად არის შესაბამისი სახელმწიფო სისტემების მუშაობის პრეროგატივა და ამ ნაწილში ჩემი სუბიექტური შეფასება, ეკუთვნის-არ ეკუთვნის, არ შევალ.

სხვა ყველაფერი არის მორალური კომპონენტი, რომელსაც მე არ შევაფასებ. რამდენჯერმე მაქვს შეფასებული. არც იმას ვიტყვი, პასუხისმგებლობები და ვალდებულები დაზარალებული ადამიანების მიმართ, მეც პირადად, ორივე მხრიდან,  რამხელაა, ან ამ ვალდებულებებს რას ვუშვრებით. ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრი ითქვა. რა თქმა უნდა, ეს არ არის გავლილი თემა, ეს იქნება მუდმივი შემადგენელი ნაწილი ჩვენი წარსულის, მაგრამ ვფიქრობ, ამას გარკვეული ნათელი სულ უფრო და უფრო მეტი მოეფინება“, — განაცხადა გახარიამ.

„მესამე — ერთი წელი გადის უკვე 20 ივნისის შემდეგ და ამ დარბაზში რამდენიმე თვის წინ დაგისვით მაკო გომურის [რომელმაც 20 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა] კითხვა, ვინ დააზიანა ეს ადამიანი და ვინ ამოთხარა მას თვალი? სამწუხაროდ, თქვენ მაშინ ძალიან ცინიკურად მიპასუხეთ, რომ თავად მოაგვარებთ მაკო გომურთან ურთიერთობას, თუმცა ძალიან კარგად გვესმის, რომ აქ არ არის საუბარი თქვენს ურთიერთობაზე ვინმესთან, აქ არის საუბარი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე კონკრეტული დაზარალებული ადამიანების მიმართ, რომელთა ნაწილიც გუშინ საერთოდ არ ცნეს დაზარალებულად. ეს კითხვები ვერ გაქრება და უნდა მოვითხოვოთ პასუხები“, — ჰკითხა ხოშტარიამ გახარიას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი