ახალი ამბები

“სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ” – პრემიერი გადასახადების შემცირებაზე

27 მაისი, 2020 • 1011
“სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ” – პრემიერი გადასახადების შემცირებაზე

“სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ”,-ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის კითხვას, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო გადასახადების- დღგ-ს, საშემოსავლოსა და აქციზის შემცირებას.

“ამ თანხებს დღეს სახელმწიფო, ფაქტობრივად, ჯიბიდან უღებს ადამიანებს. ჩვენ ვამბობთ, ეს ფული ბიზნესსა და მოქალაქეებს უნდა დავუტოვოთ. ეს იქნება შეღავათი”,-განაცხადა რატიანმა. პრემიერის თქმით, საქართველოში გადასახადები ისადაც მცირეა და მის კიდევ უფრო შემცირებას ბიზნესზე დიდი გავლენა მაინც ვერ ექნება.

“საქართველო საგადასახადო დატვირთვით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. აქ დღეს გადასახადები იმდენად მცირეა, რომ მათ კიდევ შემცირებას ბიზნესზე რეალური ზემოქმედება არ ექნება. ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, დემაგოგიაა, რომელიც გაუთვიცნობიერებელი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილში შესაძლოა რაღაც გამოიწვიოს. თუმცა მაგაზეც არ იღელვოთ, ჩვენ ამ მოქალაქეებს ყველაფერს ავუხნით”,-აცხადებს გახარია.

29 აპრილს ევროპულმა საქართველომ საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც შემდეგ ღონისძიებებს გულისხმობს:

  1. მოქალაქეებს, ვინც დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა ხელფასი, სახელმწიფო დაეხმაროს მომავალი 8 თვის მანძილზე, ხელფასის ან დანაკლისის 50%-ით.
  2. 840 000 თვითდასაქმებულ მოქალაქეს 400-ლარიანი დახმარება და 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერები გადაეცეთ.
  3. მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, დაიბრუნონ მათ მიერ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა. შედეგად, ყველა დასაქმებული საშუალოდ 500 ლარს დაიბრუნებს, ხოლო მეწარმე თითოეულ დასაქმებულზე -225 ლარს.
  4. პენსიონერებისთვის კომუნალურ გადასახადებზე 120- ლარიანი ვაუჩერი და 400- ლარიანი ფულადი დახმარება.
  5. საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით, ხოლო შემდეგ მისი 10%-ზე გაჩერება (1.7 მლრდ ლარი) , ასევე, საწვავზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება (150 მლნ), ქონების გადასახადის განულება (390 მლნ), ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადის ცვლილება და მხოლოდ გაყიდული საქონლის დაბეგვრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი