ახალი ამბები

საქართველო პლაქვენილის გამოყენებას დროებით წყვეტს

27 მაისი, 2020 •
საქართველო პლაქვენილის გამოყენებას დროებით წყვეტს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ახალი კრონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში პლაქვენილის გამოყენება შეჩერდება მანამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეპარატზე საბოლოო დასკვნას არ დადებს. ამის შესახებ ცერცვაძემ ნეტგაზეთს განუცხადა.

“პროტოკოლში გაჩნდება ასეთი ჩანაწერი, რომ შეჩერდეს, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ დადებს საბოლოო დასკვნას” ,- ამბობს ცერცვაძე “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, პრეპარატს არც ე.წ. სოლიდარობის კვლევის ფარგლებში გამოიყენებენ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თაოსნობით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც უნდა ჩატარდეს.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლიდარობის კვლევაში პრეპარატის გამოყენება დროებით შეაჩერა. საქმე ეხება ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებულ ემპირიულ კვლევას, რომლის მიხედვითაც COVID-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს, რომლებიც ამ პრეპარატს იღებდნენ, გარდაცვალების რისკი ეზრდებოდათ. ეს დასკვნა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზიდან გამომდინარეობდა და ეს არ ყოფილა რანდომიზებული კვლევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სოლიდარობის კვლევის შესახებ, რომელშიც არაერთი ქვეყანაა ჩართული, ჰიდროქსიქლოროქინის (იგივე პლაქვენილი) მონაწილეობაზე, ამჟამად აღმასრულებელი ჯგუფი მსჯელობს. კერძოდ, ჯგუფი აკვირდება პრეპარატთან დაკავშირებით არსებულ სანდო მონაცემებს გადაწყვეტილების მისაღებად. გებრეისუსი ამატებს, რომ პრეპარატი, აღიარებულია უსაფრთხოდ მალარიისა ან ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობისთვის.

სოლიდარობის კვლევა WHO-ს ინიციატივით 35 ქვეყნის 400-მდე საავადმყოფოში ტარდება. კვლევის მიზანია გამოკვეთოს, ამჟამად რომელია ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატებიდან. კვლევაში მონაწილეობს გილეადის მიერ წარმოებული რემდესივირიც.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება საბოლოო არაა და პრეპარატის გამოყენება ამ დროისთვის დროებით შეჩერებულია. რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებას, ცერცვაძე ამბობს, რომ როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში, პლაქვენილს მძიმე პაციენტებს უნიშნავდნენ, შესაბამისად, იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც დაავადება მსუბუქი ფორმებით ჰქონდათ და პლაქვენილი არ ენიშნებოდათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბუნებრივად უფრო მაღალი იქნებოდა.

რაც შეეხება პლაქვენილის საქართველოში გამოყენებას, მას დაავადების გავრცელების საწყისი ეტაპიდანვე იყენებდნენ. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პლაქვენილით მკურნალობას მძიმე პაციენტები გადიოდნენ და პრეპარატს დამატებითი გართულებები არ გამოუწვევია.

WHO მალარიის პრეპარატზე კვლევას დროებით აჩერებს

მასალების გადაბეჭდვის წესი