ახალი ამბები

პირბადე ყველა მგზავრს და გამორთული კონდიციონერი – წესები მუნიციპალური ტრანსპორტისთვის

27 მაისი, 2020 •
პირბადე ყველა მგზავრს და გამორთული კონდიციონერი – წესები მუნიციპალური ტრანსპორტისთვის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება და ამას მონიტორინგს გაუწევს დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები.

კალაძე აღნიშნავს, რომ გარდა ამისა, ავტობუსებში არ იქნება ჩართული კონდიციონერი:

“როგორც მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ. ჩვენ ამას გავუწევთ კონტროლს. ასევე უნდა გაფრთხილდნენ ავტობუსის მძღოლები, რომ არ იყოს კონდიცირება ჩართული, ფანჯრები იყოს ღია, რომ მაქსიმალურად ნიავდებოდეს ჰაერი. მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა, იქ ჰაერი ისედაც ნიავდება”, – ამბობს კახა კალაძე.


საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, 29 მაისიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ განაახლებს მუშაობას.

დღევანდელ ბრიფინგზე გახარიამ თქვა, რომ ტრანსპორტში მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, რაზეც პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები.

ამასთანავე, გიორგი გახარიამ დღეს თქვა, რომ 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გააგრძელებს მუშაობას, ხოლო პირველი ივნისიდან, მაღაზიები, ბაზრობები (მათ შორის, მოლებიც) და ღია რესტრორნები გაიხსნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი