ახალი ამბები

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება – გახარია

27 მაისი, 2020 • 1189
8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება – გახარია

პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. დღეს, 27 მაისს, გახარიამ კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად გახსნის საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ 8 ივნისიდან ასევე აღდგება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში.

“ეს ნაბიჯები, პირველ რიგში, მიღებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობაა ამ ნაბიჯების შემდგომაც შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც დღეს გვაქვს, პირბადეების ტარება. საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე თითოეულმა ჩვენგანმა პირბადე უნდა ატაროს”,- განაცხადა პრემიერმა.

პირველი ივნისიდან იხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

“8 ივნისიდან კი გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, შესაბამისად, რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი შემოწმება”, – განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, გიორგი გახარიას თქმით, 29 მაისიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ განაახლებს მუშაობას.

დღევანდელ ბრიფინგზე გახარიამ თქვა, რომ ტრანსპორტში მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, რაზეც პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები.

მასალების გადაბეჭდვის წესი